სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სოფელ რუხში უაქციზო სიგარეტის, ჯამში 5,680 ღერი, ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„11 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, სოფელ რიყეში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო სიგარეტის, ჯამში 5,680 ღერი, ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.