საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) დელეგაციას შეხვდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციას OECD - ის გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი ანდრეას შაალი ხელმძღვანელობს.
მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს OECD - საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და „OECD ევრაზიის კვირეული 2020“-ის ფარგლებში განსახილველი საკითხები. ღონისძიებაში, რომელიც მარტის მეორე ნახევარში საქართველოში გაიმართება, 400-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას, მთავარი განსახილველი თემა კი საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია იქნება.
ცნობისთვის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს მოქალაქეების ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებას. OECD-ის ექსპერტები, მთავრობებთან თანამშრომლობით, სწავლობენ მსოფლიოში წარმოების, ვაჭრობისა და ინვესტიციის ნაკადებს, აანალიზებენ მონაცემებს და ადგენენ საერთაშორისო ნორმებს სხვადასხვა სფეროში.