ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, რომელსაც მერსედეს ვერა მარტინი ხელმძღვანელობს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
აპრილში, სსფ-ის შემფასებელი მისიის ვიზიტის წინ, მხარეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მიმდინარეობა, გასული და მიმდინარე წლის ფისკალური და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები.
უწყების ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ პოზიტიურად შეაფასა გასული წელი, რომელიც გამოირჩევა არა მხოლოდ მაღალი ეკონომიკური ზრდით, არამედ სხვა ფისკალური პარამეტრების გადაჭარბებით შესრულების კუთხით, როგორიცაა: ბიუჯეტის შესრულება, ფინანსური რესურსის ათვისების მაღალი მაჩვენებელი კაპიტალური მიმართულებით, მიმდინარე ხარჯების კონტროლი და სხვა. ასევე, დადებითად შეფასდა საჯარო ფინანსების მართვის კუთხით მიმდინარე რეფორმები.
ამასთან, როგორც აღინიშნა, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამა წარმატებით სრულდება და არსებობს მაღალი მოლოდინი იმისა, რომ აპრილში, სსფ-ის შემფასებელი მისიის შეფასება, ასევე იქნება წარმატებული.