პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ არის უკვე არსებული კონკურენტული უპირატესობების განვითარების მწყობრი და ეფექტიანი მმართველობის გაგრძელება. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
კაკულიას თქმით, ამ სფეროში სამთავრობო პოლიტიკას მართვის ეფექტიანობა აკლდა და გარკვეული თანმიმდევრულობა აუცილებელი იყო.
„წიაღის სექტორი ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი, მაგრამ ასეთი ინიციატივა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება კერძო ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ექსპორტის ახალი შესაძლებლობების გაჩენას, პირველად ხდება საქართველოში. ნამდვილად მისასალმებელია, რომ პრემიერ-მინისტრი ასეთი თანმიმდევრულობით მიყვება იმ ინდუსტრიების ეფექტიანობის გაზრდას, რომელიც საქართველოს ეკონომიკის განვითარების მომავალია. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთივე თანმიმდევრულობით ჩვენ შევძლებთ ყველა პრიორიტეტული სექტორის ეფექტიანობის მაქსიმალურად გაზრდას“, -განაცხადა რომან კაკულიამ.