„ბლუმბერგის“ უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 83 წლის ესპანელი ამანსიო ორტეგა, 74.9 მილიარდიანი ქონებით, მეექვსე ადგილზეა. „ფორბსის" ინფორმაციით, მის მიერ დაარსებული კომპანია „ზარა" ძვირადღირებულ კომპანიებს შორის 46-ე ადგილზეა.
ამანსიო ორტეგა გაონა 1936 წლის 28 მარტს დაიბადა ესპანეთის ლეონის პროვინციაში, სოფელ ბუზდონგო-დე-არბასში, რკინიგზელისა და მოსამსახურის ღარიბ ოჯახში. ყმაწვილმა სკოლაც ვერ დაამთავრა, 13 წლის ასაკიდან მოდური მკერავის მოსამსახურე იყო. მალე ოჯახი ქალაქ ლა-კორუნიაში გადავიდა. ეს ქალაქი ესპანური ტექსტილის წარმოების ცენტრი გახლდათ. ამანსიო სხვადასხვა ატელიეში ჯერ ქსოვილების გოფრირებას ეუფლებოდა, შემდეგ დრაპირებას, ბოლოს ცნობილ მოდელიერს დაუდგა შეგირდად. დამწყები მკერავი ყურადღებით სწავლობდა ფასწარმოქმნასაც. ყოველდღე აკვირდებოდა, როგორ იზრდებდა სამოსის ფასი ყოველ მორიგ ეტაპზე: მოდელიერიდან ატელიემდე, ფაბრიკამდე და მაღაზიამდე. სწორედ მაშინ დაფიქრდა ორტეგა, როგორ შეემცირებინა ფასის გარდაუვალი წამატებები. ამანსიოს გაუჩნდა იდეა, აეწყო წარმოება და პროდუქცია შუამავლების გარეშე გაევრცელებინა. ეს შესაძლებლობას მისცემდა, პროდუქცია დაბალ ფასად გაეყიდა. მოგვიანებით ეს იდეა „ზარას“ იმპერიის ფილოსოფიას დაედო საფუძვლად.
„გაჭირვებამ დედოფალთან დამაწვინა“
1960-იანი წლების დასაწყისში ორტეგამ მენეჯერის პოსტს მიაღწია ლა-კორუნიას ერთ-ერთ საგალანტერეო მაღაზიაში. La MaJa-ში უკვე მუშაობდნენ მისი ძმა ანტონიო, და პეპიტა და როსალია მერა, რომელიც მოგვიანებით მისი პირველი მეუღლე გახდა. აქ დამწყებმა ბიზნესმენმა კიდევ ერთი აღმოჩენა გააკეთა - ძვირფასი სამოსის ბაზარი მეტად მცირეა, „ექსკლუზივზე“ სოლიდურ ბიზნესს ვერ ააგებ. ამიტომ ექსპერიმენტის სახით, ბარსელონაში შედარებით იაფ მასალებს ყიდულობდა, ამასთან, თავისი თარგებით მნიშვნელოვნად ზოგავდა ქსოვილების ხარჯს. შედეგად მიიღო ტანისამოსი, რომელიც გარეგნულად არ ჩამოუვარდებოდა იმ საქონელს, რომლითაც მაღაზია ვაჭრობდა, თუმცა უფრო იაფი ღირდა. ახალი მოდელები ძალიან კარგად გასაღდა და ორტეგასაც საწყისი კაპიტალი გამოუჩნდა საკუთარი ბიზნესის დასაწყებად.
ამანსიომ 1963 წელს დააფუძნა ფირმა GOA, რაც მისი ინიციალებია შებრუნებული მიმდევრობით. ერთხელ ორტეგამ შემთხვევით სწორედ ასე, უკუღმა წაიკითხა თავისი ინიციალები და იმდენად მოეწონა, რომ კომპანიას დაარქვა. დიდ დახმარებას უწევდა მეუღლე როსალია, პროდუქცია ძირითადად სააბაზანოს ხალათების, ღამის პერანგებისა და ქალის თეთრეულისგან შედგებოდა. GOA მეტ-ნაკლები წარმატებით მუშაობდა, სანამ 1975 წელს გერმანელმა ბითუმად მოვაჭრემ, ორტეგას პარტნიორმა, მოულოდნელად არ გააუქმა თეთრეულის მსხვილი შეკვეთა. ამანსიოს კი ამ შეკვეთაში მთელი თავისუფალი კაპიტალი ჰქონდა დაბანდებული. არც სხვა შემკვეთები ჩანდნენ. ბიზნესის გადასარჩენად მწარმოებელი მოვაჭრედ გადაიქცა. ნაწარმის გასასაღებლად ორტეგამ ფაბრიკის შორიახლოს, პატარა მაღაზია გახსნა ლა-კორუნიას ყველაზე დიდი უნივერმაღის ცხვირწინ. მაღაზიას „ზარა“ უწოდეს. რაც ამის შემდეგ მოხდა, ეს უკვე ისტორიაა...
GOA-ს ახალი მაღაზიები ერთმანეთის მიყოლებით იხსნებოდა. 1985 წელს ჯგუფი Inditex -ი შეიქმნა, რომელმაც „ზარასთვის“ მომუშავე ყველა წარმოება გააერთიანა. 1988 წელს „ზარა“ ესპანეთის საზღვრებს გასცდა. მაღაზიას პორტუგალიაში მოჰყვა მაღაზიები ნიუ-იორკში, პარიზში. 1991 წელს შეიქმნა სადისტრიბუციო ქსელი PULL and Bear -ი. Inditex -მა შეიძინა ჯგუფ „მასიმო დუტის 65%, ხოლო მოგვიანებით ეს მარკა მთლიანად შეისყიდა.
1998 წელს გაიხსნა ახალგაზრდა ქალების სამოსის მაღაზიათა ქსელი Bershka. მომდევნო წელს `სტრადივარიუსის~ მაღაზიები ამანსიო ორტეგას მოდის იმპერიის მეხუთე სადისტრიბუციო ქსელი გახდა. მორიგი ახალი ქსელი 2001 წელს გამოჩნდა, Oysho -ს მაღაზიები ქვედა საცვლებით ვაჭრობენ, ჯგუფ Inditex -ის აქციები კი ბირჟაზე გავიდა. 2003 წელს გაიხსნა Zara Home -ის მაღაზიები, მერვე სადისტრიბუციო ქსელი კი სავაჭრო მარკა Kidds Clss/Skhuaban -ი გახდა.
ესპანური სფინქსი
დღეს ჯგუფი თითქმის 10 ათასამდე მაღაზიას ფლობს მსოფლიოში. ამასთან, ახალ-ახალი მაღაზიებიც ლამის ყოველდღე იხსნება, წელიწადში საშუალოდ 450. ესპანეთში ჯგუფს თითქმის 2 ათასი სავაჭრო ობიექტი აქვს, საიდანაც 300-მე მეტი „ზარას“ სახელს ატარებს. ჯგუფი განსაკუთრებით დაინტერესებულია იტალიის, რუსეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, ჩინეთის ბაზრებით.
ზრდის ასეთი ტემპის წყალობით Inditex -ი გაყიდვების წერტილების რაოდენობით მსოფლიოში მეორე გახდა, ტრიკოტაჟზე სპეციალიზებულ კომპანებს შორის. „ზარას“ იმპერიის ასეთი წარმატების საიდუმლო მოქნილობა და მოდის ტენდენციების ცვლილებებზე მყისიერი რეაქციაა. ჯგუფის ნებისმიერი სტრუქტურა გაყიდვის ობიექტების ინტერესებისთვის მუშაობს. მაღაზიები ქალაქების საუკეთესო სავაჭრო ადგილებშია განლაგებული. კომპანია შეგნებულად არ იყენებს ფრანჩაიზინგის სისტემას, რაც დისტრიბუციის ოპერატიულობაზე აისახებოდა, ეს კი ჯგუფის კომერციული წარმატების საწინდარია.
მიუხედავად იმისა, რომ „ზარა“ მთელ მსოფლიოშია ცნობილი, მის დამაარსებელსა და მფლობელს ესპანეთში 2001 წლამდე პრაქტიკულად არ იცნობდნენ. კომპანიის აქციების ბაზარზე გასვლის შემდეგ კი ესპანელებმა აღმოაჩინეს, რომ თურმე მათ ქვეყანაში უმდიდრესი ადამიანი ცხოვრობს, პრესასა და ტელევიზიას კი მის შესახებ არაფერი სცოდნია. მოგვიანებით მასზე მსოფლიო მედიაც ალაპარაკდა, როცა ორტეგა „ფორბსის“ ათეულში შეიჭრა. ამანსიო ჟურნალისტებს ინტერვიუს არ აძლევს. ინფორმაციას წვეთ-წვეთად გასცემს ჯგუფის პრესსამსახური. ათწლეულების განმავლობაში პრესა მაგნატის ერთადერთი ფოტოსურათით კმაყოფილდებოდა. Inditex-ს დასავლურმა მედიამ „ესპანური სფინქსი“ უწოდა, რადგან ეს კომპანია, ერთი მხრივ, ძალიან დახურულია, რაც ერთგვარ იდუმალებას ანიჭებს მას და იმავდროულად, ძალიან საშიშია კონკურენტებისთვის.
ამანსიო ლა-კორუნიაში, ორსართულიან სახლში ცხოვრობს, ორსანის პლაჟის მახლობლად. კვირის განმავლობაში ორტეგა სასადილოში თავის თანამშრომლებთან ერთად იკვებება და მიუხედავად იმისა, რომ ნახევარ ესპანეთს აცმევს და მოდის სამყაროში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა, დიდი ელეგანტურობით არ გამოირჩევა. საქმიან კოსტიუმებს ჯინსი ურჩევნია, ჰალსტუხს კი არასოდეს იკეთებს.
როსალია მერასთან ქორწინებიდან ორი შვილი, სანდრა და მარკოსი ჰყავს. ვაჟი მძიმე დაავადებით დაიბადა, რაც 1986 წელს მათი ოჯახის დანგრევის ერთ-ერთი მიზეზი გახდა. თუმცა როსალია Inditex -ის აქციონერთა სიაში მეორეა და $3,5 მილიარდიანი ქონებით „ფორბსის“ სიაში 258-ეა. ამანსიომ მეორედ ფლორა პერეს მარკოტაზე იქორწინა, რომელიც წლების გამავლობაში მისი მდივანი იყო, მათ ქალიშვილი შეეძინათ.
2004 წელს შეიქმნა ფონდი „ამანსიო ორტეგა“, რომელიც აწყობს კულტურულ ღონისძიებებს, აფინანსებს სამეცნიერო კვლევებს, განათლების სისტემის გაუმჯობესებას. ყოფილი მეუღლე როსალია კი ფონდ „პაიდეიას“ პრეზიდენტია, რომელიც ინვალიდების საზოგადოებაში ინტეგრაციას ემსახურება.
გამოყენებულია „ეკოპალიტრის" მასალები