საქართველოში ინტერიერის დიზაინზე მოთხოვნა იზრდება.
თუ ადრე მოქალაქეები საკუთარი საცხოვრებელი სახლის მოწყობაზე თავად ზრუნავდნენ, ახლა ამ საქმეს დიზაინერებს ანდობენ. დიზაინერის მომსახურება კი საქართველოში არც ისე იაფი „სიამოვნებაა“ - ინტერიერის დიზაინი ერთ კვადრატულ მეტრზე საშუალოდ 50 ლარი ღირს და ზოგ შემთხვევაში ფასი იმის მიხედვით იზრდება, დასაპროექტებელი მრავალსართულიანი კორპუსის ბინაა თუ კერძო სახლი. მოთხოვნა კი რეგოინებშიც და დედაქალაქშიც საკმაოდ მაღალია, რის მიზეზადაც დიზაინერულ კომპანიებში მოსახლეობის მხრიდან არასწორი რემონტისგან გამოწვეული ზედმეტი ხარჯებისგან თავის არიდებას ასახელებენ.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის კომპანია „ფორტისში“ განაცხადეს, 90-იანი წლების შემდეგ საქართველომ სერიოზული ცვლილებები განიცადა, თუ ადრე ერთი ტიპის ინტერიერის დიზაინი კეთდებოდა, ახლა ყველა სახლი ერთმანეთისგან გამორჩეული და საინტერესოა. გაიზარდა ბაზარი და ტრენდული გახდა არასტანდარტულ სტილში სახლის მოწყობა.
„ფორტისში“ 1 კვადრატული მეტრი საშუალოს 20 დოლარს შეადგენს და დიდი ფართის მქონე სახლის შემთხვევაში, ფასი კლებულობს კიდეც. კერძო სახლისა და ბინის მოწყობისას თანხა არ იცვლება. „ფორტისი“ თავიანთ კლიენტებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ახალი სახლის მოწყობა უფრო მოთხოვნადია, ვიდრე ძველის და ფასები ამ შემთხვევაშიც უცვლელია.
კომპანია შეკვეთებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან იღებს, ძირითადად ინტერიერის მოწყობის მსურველები ბათუმსა და ქუთაისში არიან და თბილისის გარეთ მუშაობის დროს ძირითად ღირებულებას მცირედი, მივლინების თანხა ემატება, როგორც „ფორტისის“ წარმომადგენელმა გვითხრა, ისინი ხშირად ჩადიან ობიექტის სანახავად და ეს მცირედი დანამატი მხოლოდ ტრანსპორტირების თანხაა.
ინტერიერის დიზაინის კომპანია „მონ არქში“ ჩვენთან საუბარისას აღნიშნავენ, რომ დიზაინერის დაქირავება საკმაოდ მოთხოვნადი გახდა. „მონ არქი“ კლიენტებს მომსახურების სამ პაკეტს სთავაზობს: 50-ლარიან პაკეტში შედის სახლის მხოლოდ ვიზუალით გაკეთება, 60-ლარიან პაკეტში ვიზუალი და ასევე მუშა ნახაზები, ხოლო 80-ლარიან პაკეტში ვიზუალი, მუშა ნახაზები და საავტორო ზედამხედველობა ობიექტზე. ყველა პაკეტის ფასი დამოკიდებულია სახლის ფართზე და ის შესაძლოა, შემცირდეს ან მოიმატოს.
როგორც კომპანაში აცხადებენ, ამ დრომდე კორპუსის ბინასა და კერძო სახლის მოწყობისას 1 კვადრატული მეტრის მოსაწყობი ფასი იდენტური იყო, თუმცა კერძო სახლი მეტ შრომასა და დამატებით საინჟინრო ჯგუფის ჩართვას მოითხოვს და ფასი 10%-ით მეტი იქნება.
კომპანიაში „სტუდიო კუბი“, სადაც 1 კვადრატულის დაპროექტება 20 დოლარი ღირს, მზარდ მოთხოვნაზე საუბრობენ და ამას მშენებლობების ბუმს უკავშირებენ.
ავტორი: ელენე მეტრეველი