სამხრეთ-კორეულმა კომპანიამ Samsung სან-ფრანცისკოში ოფიციალურად წარადგინა სმარტფონი Galaxy S20 5G და ახალი კეცვადი ეკრანის სმარტფონი.
კომპანიის წარმომადგენლებმა Galaxy S20 5G-ის მოდელის სამი ვარიანტი წარადგინეს, ესენია: სტანდარტული Galaxy S20 5G, უფრო დიდი ეკრანით Galaxy S20 Plus 5G და მესამე - ყველაზე დიდი ეკრანით Galaxy S20 Ultra 5G. როგორც ყველა მათგანის სახელწოდებაში ჩანს, ისინი მეხუთე თაობის ქსელის გამოყენების საშუალებას იძლევიან.
სტანდარტულმა S20 მიიღო 6,2-დიუიმიანი დიაგონალის ეკრანი, S20 Plus-მა 6,7 დიუმის, ხოლო S20 Ultra -მ 6,9 დიუიმის. სამივე მათგანს აქვს 120 გც სიხშირის მხარდაჭერა.
სამივე მათგანი აღიჭურვა პროცესორით Qualcomm Snapdragon 865, ოპერატიული მეხსიერებით 12 გბ, ასევე 128 დან 256 გბ საცავამდე, გაფართოვების შესაძლებლობით.
სმარტფონების შეკვეთები შტატებში 21 თებერვლიდან, გაყიდვების დაწყება კი 6 მარტიდან დაიწყება, ყველაზე დაბალფასიანი მოდელი 999 დოლარი ეღირება.
ამასთან, კომპანიამ ღონისძიებაზე ახალი კეცვადი ეკრანის სმარტფონიც წარადგინა, მას ეწოდა Galaxy Z Flip.
როგორც მისი წარდგენისას კომპანიის წარმომადგენელმა რებეკა ჰერსტმა განაცხადა, გახსნილ მდგომარეობაში სმარტფონს 6,7 დიუიმის ეკრანი აქვს, რომელიც ძალიან თხელი მინისგან არის დამზადებული. აქვეა ერთი პატარა ეკრანიც გარეთა მხარეს, რომელზეც შეტყობინებები ისახება თუ ტელეფონი დაკეცილია.
Galaxy Z Flip-ს სამი კამერა აქვს, 1 წინა მხარეს და ორიც უკან. სმარტფონი შავ, ოქროსფერ და იისფერ ფერებში იქნება ხელმისაწვდომი.
ეკრანი გათვლილია, რომ ის გაიხსნას სულ ცოტა 200 ათასჯერ მაინც. მისი გაყიდვები 14 თებერვალს დაიწყება შტატებში, სასტარტო ფასი კი 1380 დოლარი იქნება.