მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორს ბევრად მეტი შეღავათი და დახმარება ექნება სახელმწიფოს მხრიდან, ვიდრე შეიძლება სხვა ნებისმიერი პორტის ინვესტორს ჰქონდეს

ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორს ბევრად უფრო მეტი შეღავათი და დახმარება ექნება სახელმწიფოს მხრიდან, ვიდრე შეიძლება სხვა ნებისმიერი პორტის ინვესტორს ჰქონდეს.

ამის შესახებ ცქიტიშვილმა „ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ქვეყანაში ორი ღრმაწყლოვანი პორტის საჭიროებას და პერსპექტივებს შეეხებოდა.

მინისტრის განმარტებით, მაშინ როდესაც ფოთის პორტში მხოლოდ კერძო ინვესტიციასთან გვაქვს საქმე, ანაკლიის პორტის ინვესტორისთვის სახელმწიფოს გაცხადებული აქვს მზაობა 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია და 1000 ჰექტარი მიწა შესთავაზოს, ასევე თავისუფალი ეკონომიკური ზონის ექსკლუზიური სტატუსი.

რაც შეეხება ფოთის პორტს, ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ „ეიპიემ ტერმინალსის" გეგმები ბარიერი არ იქნება ანაკლიის პორტისთვის.

„ჩვენ ამ წლების განმავლობაში ვისმენდით განცხადებებს, რომ ფოთის პორტი გაფართოებას გეგმავდა, თუმცა ეს პროცესი აქტიურად არ მიმდინარეობდა. დღეს მედიის საშუალებით ვნახე „ეიპიემ ტერმინალსის" განცხადება. ეკონომიკის სამინისტრო განიხილავს და იმის მიხედვით თუ კონკრეტულად რა ვალდებულებებზე და რა პროექტზეა საუბარი, განსახილველი იქნება გარემოსდაცვითი და სოციალური ფაქტორები და შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მოხდება.

საუბარი იმაზე, რომ ფოთის პორტი აცხადებს, რომ გეგმავს დაღრმავებას, რომ შეძლოს უფრო დიდი ზომის გემების მიღება, ის განცხადებებია, რომელსაც ჩვენც მედიის საშუალებით ვისმენთ. რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მეტი დეტალის მიღებაა საჭირო ინვესტორისგან. გარანტიების მიღება, რომ ეს პროექტი ნამდვილად შესრულდება და ა.შ. ეს გრძელვადიანი და შრომატევადი პროცესია“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ახალ ინტერესთა გამოხატვაზე მიდის მუშაობა. მისივე თქმით, ახალი ინვესტორი ფინანსურ და გამოცდილების კუთხით არსებულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს და ამასთან სტრატეგიულად მისაღებიც უნდა იყოს.

„მოგეხსენებათ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინტერესი არასდროს დაგვიკარგავს. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი ანაკლიის პორტის განვითარების თვალსაზრისით. ეკონომიკის სამინისტრო ახალ ინტერესთა გამოხატვას მოამზადებს ამ პროცესში ჩვენი პარტნიორი იქნება EBRD",-აცხადებს მინისტრი.

ცნობისთვის, „ეიპიემ ტერმინალსმა” განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც “ეიპიემ ტერმინალსმა” ოფიციალურად განაახლა ნავსადგურის გაფართოების პროექტის ფარგლებში საჭირო ნებართვების მიღების პროცესი.

კერძოდ, 2020 წლის 11 თებერვალს, “ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” მიმართა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიწათსარგებლობის ნებართვის მისაღებად, ფოთში ახალი, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისათვის, რაც წარმოადგენს სამშენებლო ნებართვის მიღების ოფიციალური სამსაფეხურიანი პროცედურის საწყის ეტაპს.