"რეზონანსი" - ჯართადქცეული მანქანებისგან თბილისის ქუჩები გათავისუფლდება

გახშირებული ავტოავარიების, უცხოეთიდან ძალიან ძველი მანქანების მუდმივი შემოდინებისა და ავტოპარკის დაძველების გამო, ქვეყანაში მომრავლდა სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ვეღარ დადის და ქალაქის ქუჩებში წლობით უქმად არის გაჩერებული. ამიტომ მუშავდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტი მსგავსი ავტომობილების სპეციალურ სადგომზე გადაყვანის უფლებას მოიპოვებს, თუმცა უცნობია მანქანები უტილიზაციას დაექვემდებარება თუ უბრალოდ ჯართად დარჩება და აგრეთვე, როგორ მოხდება ექსპროპრიაცია.

მაშინ, როცა დედაქალაქში მანქანების ოდენობა ბევრად აღემატება საპარკინგე ადგილის რაოდენობას, ,,რეზონანსს” არაერთხელ აღუნიშნავს თუ რა დიდ პრობლემას ქმნის ეზოებში, კორპუსებთან, ქუჩებში მუდმივად მდგომი ავტომობილები, რომლებიც მუდმივად იკავებენ ადგილს. მათი 99% საერთოდ გამოუსადეგარია.

თბილისის ქუჩებში ხშირად შეხვდებით ავტომობილებს, რომლებიც წლების განმავლობაში ხშირად პარკირების ადგილებზე, საცხოვრებელ სახლებთან ან ტროტუარებზეც კი არის მიტოვებული. თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, სწორედ ახლა მუშავდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, მერია მსგავსი ავტომანქანების სპეციალურ სადგომზე გადაყვანის უფლებას მოიპოვებს.

“ვამზადებთ სამართლებრივ ცვლილებებს იმ ავტომობილებთან დაკავშირებით, რომლებიც წლების განმავლობაში მუნიციპალურ ტერიტორიაზეა განთავსებული. საჭიროა მუნიციპალიტეტმა მოიპოვოს სამართლებრივი მექანიზმი და უფლება, რომ მსგავსი მანქანების გადაადგილება და სპეციალურ სადგომზე გადაყვანა მოხდეს.

ვეთანხმები ყველას, ვინც ამ საკითხზე პრეტენზიას გამოთქვამს. რა თქმა უნდა, ამ საკითხს უახლოეს პერიოდში დავარეგულირებთ“, – აღნიშნა ხმალაძემ.

პრობლემა აშკარაა, თუმცა კანონში არ არსებობს არავითარი რეგულაცია ჯართად ქცეული მანქანის მფლობელთათვის. ჯერჯერობით არც ის არის ცნობილი, ტექდათვალიერების ამოქმედების შემდეგ რამდენი სატრანსპორტო საშუალება მიემატა ჯართადქცეული მანქანები რიცხვს, თუმცა რაოდენობა რომ აუცილებლად გაიზრდებოდა, ადასტურებენ საავტომობილო სფეროს სპეციალისტები.

ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილმა მერიის ინიციატივის შესახებ პრესის საშუალებით გაიგო და დეტალების შესახებ საუბარი უჭირს.

"როგორც მივხვდი, საუბარია მანქანებზე, რომლებიც წლებია ქუჩაში დგას და უკვე ჯართადაა ქცეული და არა უბრალოდ ტექნიკური პრობლემების მქონე ავტომობილებზე. ინფორმაცია მეც პრესიდან გავიგე და დეტალებზე საუბარი გამიჭირდება, არც ის ვიცი, რამდენი ასეთი ავტომობილია ან საერთოდ თუ არის ზუსტი სტატისტიკა სადმე, მაგრამ არ მგონია, რამე მნიშვნელოვანი ნაწილი ტექდათვალიერების გაუვლელობის გამო იყოს. აქ საუბარია ისეთ მანქანებზე, რომელსაც მფლობელები არც კი მიიყვანდნენ შესამოწმებლად”, განაცხადა იორდანიშვილმა.

"რეზონანსი" ამ პრობლემას პირველად არ ეხება. 2 წლის წინ ფონდის - "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" ხელმძღვანელი გელა კვაშილავა აცხადებდა, რომ ქვეყანაში 150 000 გაჩერებული ავტომობილია.

ახლა რამდენი ასეთი ავტომობილია და რა გზით შეძლებს მერია ავტომფლობელებს ჩამოართვას უკვე ჯართად ქცეული, თუმცა მათ საკუთრებაში მყოფი ავტომობილები? იქნება ეს ექსპოპრიაცია, მესაკუთრის კეთილი ნება, თუ მათთვის გარკვეული თანხის შეთავაზება? - სწორედ ეს არის ჯერჯერობით პასუხგაუცემელი კითხვები.

დედაქალაქის საკრებულოში ,,ქართული ოცნების” უმრავლესობის წევრი, შალვა ოგბაიძე განმარტავს, რომ ვიცე მერის განცხდების გარდა, ჯერ სხვა დეტალები მისთვისაც უცნობია. აუცილებელია სისტემა ისე შემუშავდეს, რომ სავალდებულო გახდეს ავტომობილების უტილიზაცია და თან არც ერთ შემთხვევაში არ შეილახოს საკუთრების უფლება.

"არა მხოლოდ თბილისისთვის, არამედ მსოფლიოს ყველა დიდი ქალაქისათვის ურთულეს პრობლემას წარმოადგენს უტილიზაცია როგორც ავტომობილების, ასევე საყოფაცხოვრებო ნარჩენების. სამწუხაროდ, ჩვენთან კანონი და ვალდებულება არ გაგვაჩნია აღნიშნულთან დაკავშირებით. ამის ბრალია, რომ წლობით დგას თბილისის ეზოებში ავტომობილები, რომლებიც ვერასოდეს ვეღარ აღდგება.

განსაკუთრებით საშიშია ისინი, რომელიც ეზოების წინ დგას და მათ ქვეშ გროვდება ფოთლები, პოლიეთილენის პარკები და სხვა. სიგარეტის ერთი ნამწვიც კი საკმარისია დიდი ხანძრისათვის, რაც გვერდზე მდგომ ავტომობილებს და მიმდებარედ არსებულ სახლებს დააზიანებს.

ასეთი ავტომობილები, რა თქმა უნდა, არ უნდა იკავებდეს ადგილს, მაგრამ პრობლემა უნდა გადაიჭრას საკუთრების უფლების სრული დაცვით, ეს არის მთავარი. ხაზი უნდა გაევლოს ისე, რომ ორივე ინტერესი იყოს სრულად დაცული”, - აღნიშნა საკრებულოს წევრმა ,,რეზონანსთან” საუბრისას.

გაზეთი "რეზონანსი"