ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის თქმით, რეგიონების განვითარებისათვის გასულ წელს უპრეცენდენტო მასშტაბის სამუშაო ჩატარდა და 402 მილიონი ლარის 6774 პროექტი დაფინანსდა.
რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რეგიონების განვითარების მიზნით არსებული ფონდებითა და პროგრამებით დაფინანსებული პროექტების 2019 წლის ანგარიში წარადგინა.
„ესაა პროექტები, რომელსაც უშუალოდ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ახორციელებენ ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით. მხოლოდ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რომელიც გასულ წელს განახლდა, 4000-ზე მეტი პროექტი შესრულდა, ანუ თითოეულ დასახლებაში სულ მცირე 1 პროექტი მაინც გაკეთდა. გარდა ამისა, 2019 წელს ჩვენ დავიწყეთ სკოლების ინფრასტრუქტურული განახლება და რეგიონებს პირველად ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ 600-ზე მეტი სკოლის მცირე რეაბილიტაცია თავად განეხორციელებინათ, რისთვისაც 40 მლნ ლარის დაფინანსება გამოიყო. ამის გარდა, ჩვენ გქვონდა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც ასევე სიახლე იყო მუნიციპალიტეტებისთვის, ესაა ამბულატორიების და სასწრაფო დახმარების ცენტრების მშენებლობა და ამ პროგრამის ფარგლებშიც 300-ზე მეტი ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. მათი უმეტესი ნაწილი უკვე დასრულდა. ასევე, 41 სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობა დაიწყო რეგიონებში და 2020 წლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო მოახდენს ამ ობიექტების აღჭურვას. ყველა ეს პროექტი ემსახურება ჩვენს რეგიონებში იმ საბაზისო ინფრასტრუქტურის განახლებას, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს ბევრ ინვესტიციას, ესაა გზები, ლოკალური წყალგაყვანილობის ქსელების მოწყობა, გარე განათება, პარკები, სკვერები, მცირე სპორტული ნაგებობი და ა.შ.,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
მინისტრის თქმით, რეგიონული პროექტების შესრულებაში 1000-ზე მეტი კომპანია და 15 000 - ზე მეტი ადამიანი იყო ჩართული.
ამასთან, მაია ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა პროექტების მართვაში დანერგილ სისტემურ ცვლილებებს, რამაც შედეგების გაუმჯობესება განაპირობა. საუბარია სატენდერო დოკუმენტაციის ოპტიმიზაცია-სტანდარტიზაციასა და საპროექტო ტენდერების კონსოლიდაციაზე კატეგორიების მიხედვით, ასევე - კომპანიებისათვის მოთხოვნების გამარტივებასა და პროექტების წინასწარი დაგეგმვაზე.
აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.