სილქ როუდ ჯგუფის განცხადება ბათუმი რივიერას პროექტის შესახებ

სილქ როუდ ჯგუფის პოზიცია სილქთაუერის პროექტის მიმართ, ისევე როგორც კომპანიის ყველა სხვა პროექტის მიმართ, ყოველთვის იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე. ამის მაგალითია უპრეცედენტო საზოგადოებრივი განხილვები, რომლებიც კომპანიამ მოაწყო ყველა დაინტერესებულ პირთან. ამ განხილვების შედეგად საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით მნიშვნელოვნად შეიცვალა პროექტი: შემცირდა კოშკების რაოდენობა ექვსიდან ხუთამდე, ქუჩების ქსელი გადაგეგმარდა ისე, რომ არ დარღვეულიყო ბათუმისთვის დამახასიათებელი ქუჩათა წყობა, გაჩნდა დამატებითი საზოგადოებრივი მოედნები და ა.შ. საჯარო განხილვების დროს გავასაჯაროვეთ ყველა კვლევა, რომელიც ჩატარდა საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ურბანული განვითარების, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური კვლევის უმაღლესი კლასის პროფესიონალების მიერ.

პროექტის პირველი ფაზის ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 73 მლნ აშშ დოლარს, ხოლო პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 300 მლნ აშშ დოლარია. პროექტის თანამონაწილედ და ფინანსურ ინვესტორად თავიდანვე განიხილებოდა საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, რომელიც დღეის მდგომარეობით გეგმავს 5 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსებას. პროექტში ფონდის მონაწილეობა და მისი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია პროექტისთვის დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. სილქ როუდ ჯგუფის აქციონერებმა უკვე შეძლეს დამატებით 10 მილიონი დოლარის საკუთარი კაპიტალის მოზიდვა და ასევე დასრულების ეტაპზეა მოლაპარაკებები კომერციულ ბანკებთან პროექტის დაფინანსების თაობაზე.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი რეგისტრირებულია ლუქსემბურგში სახელწოდებით GCF Luxembourg SARL, ხოლო ფონდის მმართველი კომპანია საქართველოშია რეგისტრირებული იურიდიული სახელწოდებით შპს ,,ჯი სი ეფ პარტნიორები“. ვინაიდან პროექტის ფარგლებში შპს ბათუმი რივიერაზე სესხის გაცემა მოხდა GCF Luxembourg SARL-ის მიერ, სესხის უზრუნველსაყოფად შპს ბათუმი რივიერას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დაიტვირთა GCF Luxembourg SARL-ის სასარგებლოდ. იმ შემთხვევაში, თუ შპს ბათუმი რივიერა ვერ შეძლებს სესხის დროულ (შეთანხმებულ ვადაში) დაბრუნებას, GCF Luxembourg SARL-ს ექნება უფლება მოახდინოს იპოთეკის აღსრულება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალებებით. ეს არის კანონმდებლობით დაშვებული, ზოგადად მიღებული და ბიზნესისთვის აპრობირებული საერთაშორისო დონის პრაქტიკა. ამასთან, GCF Luxemburg Sarl დროებით არის პირველი რიგის იპოთეკარი, ვინაიდან GCF Luxemburg Sarl-სა და შპს „ბათუმი რივიერა“-ს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობაა, რომ თუ პროექტის დაფინანსების მიზნებისთვის მოხდება სესხის მოზიდვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან ან კომერციული ბანკებიდან და საჭირო იქნება შპს „ბათუმი რივიერა“-ს ქონების დატვირთვა, GCF Luxemburg Sarl-ი დათმობს თავისი უზრუნველყოფის რიგითობას ასეთი დამფინანსებლის სასარგებლოდ და გახდება მეორე რიგის იპოთეკარი.

სილქ თაუერის პროექტის გენერალური გეგმა შეიმუშავა ურბანული დაგეგმარების და არქიტექტურის კომპანიამ, ბრიტანულმა Chapman Taylor-მა https://www.chapmantaylor.com/. ამ კომპანიას აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ისტორიულ უბნებში ახალი პროექტების მომზადების და არსებული ისტორიული შენობების აღდგენა-რეკონსტრუქციის დიდი გამოცდილება. მათ შეისწავლეს ბათუმის ქუჩების ქსელი, ისტორიული ბათუმის ქსოვილის აგებულება და მოამზადეს პროექტი ბათუმის არსებულ ურბანულ რეალობასთან სრულ შესაბამისობაში.

სანაპირო ზოლის გეოლოგიური კვლევა ჩაატარა იტალიურმა საინჟინრო საკონსულტაციო კომპანიამ Colleselli & Partners Ingegneria Geotechnica http://www.colleselligeotecnica.it/, რომელიც მონაწილეობს ისეთ ფართომასშტაბიან საერთაშორისო პროექტში, როგორიცაა ვენეციის პორტის რეაბილიტაცია. აღნიშნული კომპანიის მიერ საპროექტო ტერიტორიის გარშემო ჩატარებულმა ბათიმეტრიულმა სამუშაობმა და ნიადაგის სტრუქტურის კვლევებმა დაადასტურა, რომ:

  • ნიადაგის გეოლოგიურ-გეომორფოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, დაპროექტებული საძირკვლის სისტემა შეესაბამება დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს.
  • შესაძლო მიწისძვირს შედეგად ნიადაგის გაწყლოვანების რისკი უმნიშვნელოა და არ წარმოადგენს საფრთხეს ტერიტორიის ათვისებისათვის.
  • 1999 წლის მიწისძვრის მსგავსი ტექტონიკური მოვლენების განმეორების შემთხვევაში ინერტული მასების ჩამოშლას არანაირი გავლენა არ ექნება სანაპიროსთან ყველაზე ახლოს მდებარე კოშკის საძირკველის სისტემაზეც კი, რადგან ის დაშორებულია სანაპირო ზოლიდან 150 მეტრით. მეორეს მხრივ, ასევე დაადგინდა, რომ ბათუმი რივიერას აშენების შედეგად ტერიტორიაზე დატვირთვის ზრდა ვერ იქნება ინერტული მასების ჩამოშლის მაპროვოცირებელი ფაქტორი.
  • ლაგუნას მშენებლობას არ ექნება უარყოფითი გავლენა პროექტის ფუნდამენტის სიმტკიცეზე იმის გამო, რომ კოშკებს გაუკეთდებათ ხიმინჯები დიდ სიღრმეზე, რაც უზრუნველყოფს დატვირთვის გადატანას ფუნდამენტის ღრმა ფენებზე.
  • ლაგუნა, რომელიც არსებული იახტ კლუბის გავლით ზღვას დაუკავშირდება ახალი არხის საშუალებით, არ მოახდენს არავითარ უარყოფით გავლენას ბათუმის კონცხის მორფოდინამიკაზე, შესაბამისად, არსებულ სანაპირო კედელსა და კანიონის სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნება.

სილქ როუდ ჯგუფის პროექტები გამოირჩევა განსაკუთრებული არქიტექტურული გადაწყვეტით და გარემოსთან ჰარმონიული შერწყმით. ყველა არქიტექტურულ კომპანიას, რომელსაც ჩვენს პროექტებზე უმუშავია, სწორედ ასეთ დავალებას ვაძლევთ: გაითვალისწინონ ადგილის ისტორიული და არქიტექტურული კონტექსტი და შეიმუშავონ მდგრადი, მაქსიმალურად გამწვანებული და გარემოსთან ჰარმონიულ ბმაში შესრულებული პროექტი. თბილისსა და ბათუმში ჩვენს მიერ აშენებულ სასტუმროებს არა ერთი საერთაშორისო ჯილდო აქვთ მიღებული, მრავალჯერ არიან დასახელებული რეგიონში წლის საუკეთესო სასტუმროებად. იგივე ითქმის წინანდალში სასტუმრო რადისონ ქოლექშენზე, რომელიც 2018 წელს დასახელდა საუკეთესო სასტუმროს პროექტად აღმოსავლეთ ევროპის უძრავი ქონების პროექტების კონკურსში Eastern Europe Real Estate Project Awards და 2019 წლის იანვარში მოხვდა უძრავი ქონების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილოდოს, MIPIM-ის, ფინალისტების რიცხვში.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვთვლით, რომ 8 თებერვალს, გადაცემა პოსტ ფაქტუმში გასული სიუჟეტი ემსახურება ნეიტრალური მაყურებლის შეცდომაში შეყვანას, აწვდის რა გადაუმოწმებელ, მცდარ და დამახინჯებულ ინფორმაციას. ნამდვილად არ გვსურდა ასეთი ვრცელი წერილით მკითხველის დაღლა, მაგრამ აუცილებლად მიგვაჩნია წარმოვადგინოთ დეტალური განმარტებები დამახინჯებული ფაქტების შემდგომი ტირაჟირების თავიდან ასაცილებლად.

R