პენსიის ინდექსაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე წარედგინება.
ამის შესახებ პარლამენტის 2020 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული.
როგორც გეგმაშია ნათქვამი, ცვლილების ინიცირება ხდება კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით.
„კერძოდ, „დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვალდებულება საქართველოს მთავრობას წარუდგინოს სახელმწიფო პენსიის ინდექსაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ჩანაცვლების კოეფიციენტის შენარჩუნება,“-ნათქვამია დოკუმენტში.
შეგახსენებთ, რომ როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გასული წლის დეკემბერში განაცხადა, პენსიის ინდექსაციის ამოქმედება 2021 წლიდან იგეგმება.
„საპენსიო ინდექსაციაში გათვალისწინებული იქნება ასაკში სხვაობა. საპენსიო ინდექსაციასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გრძელდება კონსულტაციები მსოფლიო ბანკთან და სავალუტო ფონდთან. გარკვეულ პრინციპებზე შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის და სანამ შეთანხმება საბოლოო არ იქნება, მანამდე ვერ იქნება წარმოდგენილი. გვინდა, რომ ინდექსაცია გაკეთდეს 2021 წლიდან, ამიტომ 2020 წელს ამ კანონის მიღებას ყველა ვარიანტში ვგეგმავთ, თუ რა თქმა უნდა, პარლამენტიც მხარს დაგვიჭერს,“ - განაცხადა მაშინ კაკაურიძემ.
შეგახსენებთ, პენსიების ინდექსაცია ნიშნავს, რომ პენსიის ზრდა ინფლაციის პარალელურად მოხდება. პენსიის ოდენობა ასევე მიბმული იქნება ქვეყანაში საშუალო ხელფასზე, ეკონომიკურ ზრდასა და სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე.