„საქართველოს რკინიგზა“ - საქართველოს სარკინიგზო დერეფანი თურქმენული ნავთობპროდუქტების გადაზიდვისთვისაც კონკურენტუნარიანი გახდა

სს „საქართველოს რკინიგზისა“ და დსს „აზერბაიჯანის რკინიგზების“ ხელმძღვანელებს შორის, სასტუმრო Tbilisi Marriot-ში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ რეგიონის ლოგისტიკურ ჯაჭვში ჩართული სახელმწიფო და კერძო კომპანიები - დსს „აზერბაიჯანის კასპიის საზღვაო სანაოსნო“, დსს „ბაქოს საერთაშორისო საზღვაო-სავაჭრო პორტი“, დიუბენდისა და ბათუმის ნავთობტერმინალები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სს „საქართველოს რკინიგზიდან“ აცნობეს, შეხვედრის ინიცირება მათივე მიერ მოხდა, თურქმენული ნავთობის და ნავთოპროდუქტების საქართველოს დერეფნის გავლით სეზონური ტარიფებით გადაზიდვის განხორციელების მიზნით. მხარეებმა აღნიშნული ტვირთების პერმანენტული გადაზიდვისათვის “ვოლგა დონის” საზღვაო მარშრუტთან მიმართებაში სეზონური და გამჭოლი ტარიფის შეიმუშავეს, რითაც წლის განმავლობაში “ვოლგა დონის” მარშუტთან კონკურენცია შესაძლებელი გახდა.

„ინტენსიური განხილვის შედეგად, ინიცირებული საკითხზე მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და შეხვედრაში მონაწილე ყველა მხარის ჩართულობით კონკურენტული, ერთიანი ტარიფები შეთანხმდა თურქმენული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვისათვის. შეხვედრის ბოლოს ხელი მოეწერა ოქმს და ეფექტური ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები დაისახა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.