"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას კონსორციუმის აქციონერი საერთაშორისო ინვესტორებიც აპირებენ.
„ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, შესაძლოა თუ არა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით რამდენიმე დავა ვიხილოთ, ახვლედიანი აცხადებს, რომ ინვესტორების ნაწილისგან დადასტურებული ინფორმაცია აქვს, რომ ისინი დავას აპირებენ.
"სამწუხაროდ, სახელმწიფო არანაირ ნაბიჯს არ დგამს, რომ საარბიტრაჟო დავას თავი აარიდოს. ჩვენგან დამატებითი მცდელობები იქნება, მაგრამ ორი თვის გასვლის შემდეგ მოგვიწევს სასამართლო დავაში შესვლა. კონკრეტულად ვერ დაგისახელებთ,მაგრამ კონსორციუმის გარდა, ცალკეულ ინვესტორებს შეუძლიათ უჩივლონ მთავრობას", -აცხადებს ახვლედიანი.
მისივე თქმით, კონსორციუმი წინასაარბიტრაჟო ვადაში გაწყვეტილი ხელშეკრულების აღდგენის მოთხოვნას დააყენებს.
"საარბიტრაჟო დავა კომერციული ხასიათისაა, თუმცა კონკრეტულად რა ოდენობის თანხა იქნება მოთხოვნილი, დამუშავების პროცესშია.
ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი მცდელობა მოთხოვნის, რომ მთავრობამ ხელშეკრულება აღადგინოს",-აცხადებს ახვლედიანი.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 9 იანვარს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით 2016 წელს გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა. მხარეებს 60-დღიანი წინა საარბიტრაჟო ვადა აქვთ, რომელიც დავის თავიდან აცილების მიზნით მოლაპარაკებისთვის უნდა გამოიყენონ.