„მწვანე ალტერნატივა“ - წაიღითსარგებლობის ლიცენზიების სულ მცირე 6 აუქციონი კანონდარღვევითაა გამოცხადებული"

წაიღითსარგებლობის ლიცენზიების სულ მცირე 6 აუქციონი კანონდარღვევითაა გამოცხადებული - ამის შესახებ განცხადებას „მწვანე ალტერნატივა“ ავრცელებს. ამ განცხადებით ორგანიზაცია სახელმწიფო პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში გამოცხადებულ აუქციონებს ეხმიანება.

„2020 წლის 11 თებერვალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ, სახელმწიფო პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, წაიღითსარგებლობის ლიცენზიების სულ მცირე 6 აუქციონი კანონდარღვევითაა გამოცხადებული. კერძოდ, გასაყიდად გამოტანილია ლიცენზიები, რომელთა შესახებ სკრინინგის განცხადებების განხილვის პროცესი ჯერაც მიმდინარეობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, აუქციონის გამოცხადებამდე, წიაღის ეროვნულმა სააგენტომ უნდა მიმართოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სკრინინგის განცხადებით; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კი, სკრინინგის პროცედურის შედეგად, უნდა დაადგინოს ექვემდებარება, თუ არა დაგეგმილი საქმიანობა გარემოსდაცვით შეფასებას ან საერთოდ მიზანშეწონილია, თუ არა საქმიანობის განხორციელება.

სკრინინგის პროცედურა სამგვარი შედეგით შეიძლება დასრულდეს: თუ სკრინინგის შედეგად გადაწყდა, რომ ლიცენზიით სარგებლობა არ საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას (გზშ-ს), ლიცენზიანტი ვალდებული იქნება დაიცვას მხოლოდ მოქმედი გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნები და სხვა გარემოსდაცვითი ნორმები; მაგრამ თუ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო გადაწყვეტს, რომ აუცილებელია გზშ-ს ჩატარება, ლიცენზიანტი გზშ კვლევის ჩატარებისათვის საჭირო ხარჯის გაღების ვალდებულების წინაშე დადგება. სკრინინგის პროცედურის შედეგად, შესაძლოა, ასევე, დადგინდეს, რომ არსებობს საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველი (ანუ ლიცენზირებული საქმიანობა არ უნდა განხორციელდეს). ასეთ შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელი ვეღარ ისარგებლებს შეძენილი ლიცენზიით.

ამგვარად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც, ამავდროულად, აუქციონზე გამოტანილი ლიცენზიის პირობა უნდა იყოს – ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

ზემოაღწერილი კანონდარღვევის დაფარვას წიაღის ეროვნული სააგენტო გასაყიდი ლიცენზიის პირობებში შემდეგი ჩანაწერით ცდილობს: „ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება: “…ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყებამდე უზრუნველყოს ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით’’ განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება“. სკრინინგის გადაწყვეტილების არქონის პირობებში კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები უკიდურესად ბუნდოვანია ლიცენზიის მაძიებლისათვის და მომავალში, შესაძლოა, დავის საფუძველიც გახდეს.

მნიშვნელოვანია, ასევე, ისიც, რომ აღნიშნული ექვსი ლიცენზიის აუქციონზე გატანამ, შესაძლოა, ზეგავლენა მოახდინოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარე სკრინინგის განცხადებების განხილვის პროცესზე და უბიძგოს სამინისტროს, მიიღოს წიაღის ეროვნული სააგენტოსთვის სასურველი გადაწყვეტილება.

მწვანე ალტერნატივა თვლის, რომ აუცილებელია გაუქმდეს კანონდარღვევით გამოცხადებული ქვემოთ ჩამოთვლილი აუქციონები:

1. აუქციონი – დასახელება: ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფ. ღორეშას მიმდებარე ტერიტორიაზე, „ღორეშას“ გამარმარილოებული (მოსაპირკეთებელი) კირქვის გამოვლინება (კატეგორია – P, მოსაპოვებელი წიაღისეულის ჯამური მოცულობა (სამივე უბანზე ერთად) – 890 625 მ3).

სკრინინგის განცხადება – ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფ. ღორეშას მიმდებარე ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის, 890625მ3 „ღორეშას” კირქვის (სხვა საშენი მასალა) მოპოვების პროექტი

საზოგადოებასთან კონსულტაციის ვადა 18 თებერვალს იწურება.

2. აუქციონი – დასახელება: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფ. წყორძას მიმდებარე ტერიტორიაზე, „ქოსალარი II“–ის (საყდარი) ბაზალტის საბადო (კატეგორია – A+B+C1, მოსაპოვებელი წიაღისეულის ჯამური მოცულობა – 1 576 000 მ3).

სკრინინგის განცხადება – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფ. ქოსალარის მიმდებარე ტერიტორიაზე 1576000მ3 „ქოსალარი II”-ის (საყდარის) ბაზალტის (მოსაპირკეთებელი) მოპოვების პროექტი

საზოგადოებასთან კონსულტაციის ვადა 14 თებერვალს იწურება.

3. აუქციონი – დასახელება: ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფ. ანდრიაწმინდას მიმდებარე ტერიტორიაზე, „ოდუნდის“ ტუფობრექჩიის საბადო (კატეგორია – B+C1, მოსაპოვებელი წიაღისეულის (საღორღე ნედლეული) ჯამური მოცულობა – 3 398 000 მ3).

სკრინინგის განცხადება - ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფ. ანდრიაწმინდას მიმდებარე ტერიტორიზე, „ოდუნდის“ ტუფობრექჩის მოპოვება.

საზოგადოებასთან კონსულტაციის ვადა 13 თებერვალს იწურება.

4. აუქციონი – დასახელება: ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფ. კათნატუს მიმდებარე ტერიტორიაზე, „ხანჩალის“ ტორფის საბადო (კატეგორია – A, მოსაპოვებელი წიაღისეულის ჯამური მოცულობა – 63 000 ტონა).

სკრინინგის განცხადება – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფ. კათნატუს მიმდებარე ტერიტორიაზე 63 000ტ ტორფის მოპოვება

საზოგადოებასთან კონსულტაციის ვადა 14 თებერვალს იწურება.

5. აუქციონი – დასახელება: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფ. წყორძას მიმდებარე ტერიტორიაზე, „ქოსალარი II“–ის (საყდარი) ბაზალტის საბადო (კატეგორია – A+B+C1, მოსაპოვებელი წიაღისეულის ჯამური მოცულობა – 1 576 000 მ3).

სკრინინგის განცხადება – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფ. ქოსალარის მიმდებარე ტერიტორიაზე 1576000მ3 „ქოსალარი II”-ის (საყდარის) ბაზალტის (მოსაპირკეთებელი) მოპოვების პროექტი

საზოგადოებასთან კონსულტაციის ვადა 14 თებერვალს იწურება.

6. აუქციონი – დასახელება: ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფ. მოდეგას მიმდებარე ტერიტორიაზე, „მოდეგის“ ვულკანური წიდის საბადო (კატეგორია -A+B+C1, მოსაპოვებელი წიაღისეულის ჯამური მოცულობა – 20 701 700 მ3).

სკრინინგის განცხადება – ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფ. მოდეგას მიმდებარე ტერიტორიაზე 20701700 მ3 სასარგებლო წიაღისეულის (ვულკანური წიდის) მოპოვების პროექტი

საზოგადოებასთან კონსულტაციის ვადა 13 თებერვალს იწურება.