Facebook-მა საკუთარი ინტერნეტ-თანამგზავრი კოსმოსში შესაძლოა, მარტში გაუშვას

Facebook-მა საკუთარი ინტერნეტ-თანამგზავრი Athena კოსმოსში შესაძლოა, მარტში გაუშვას. სოციალური ქსელის ეს ინიციატივა ემსახურება ინტერნეტის და ზოგადად, კომუნიკაციის გაუმჯობესებას მსოფლიოს იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტის სიხშირე დაბალია. როგორც ამბობენ, ეს ერთის მხრივ კარგია, რადგან მსოფლიოში შეიქმნება უფრო კონკურენტუნარიანი გარემო და ინტერნეტის მომწოდებლებიც საზოგადოებას უკეთეს სერვისს შესთავაზებენ.

იდეა თანამგზარის გაშვების შესახებ, რომელიც „სამყაროს დაახლოვებას“ გულისხმობს, ჯერ კიდევ ექსპერიმენტია. ექსპერიმენტის წარმატებით განხორციელების შემდეგ კი მარკ ცუკერბერგი საზოგადოებას ახალ იდეებს და პროექტებს გააცნობს.

წარმატების შემთხვევაში, Facebook-ის თანამგზავრი კონკურენციას გაუწევს ანალოგ პროექტებს, როგორიცაა SpaceX და OneWe.

Facebook-ის პროექტი თანამგზავრული ინტერნეტის შესახებ ცუკერბერგს რამდენიმე წლის წინ ჩაუვარდა. 2016 წელს ის ილონ მასკთან ერთად აპირებდა კოსმოსში თანამგზავრ SpaceX-ის გაშვებას, თუმცა რაკეტა აფეთქდა.

როგორც ცნობილია, პროექტი Athena „ფეისბუქის“ მოკავშირე კომპანიის PointView Tech LLC-ის დახმარებით წამოიწყეს. თავდაპირველად, ცუკერბერგის კომპანიას არ სურდა ამ პროექტში მონაწილეობის აფიშირება. თუმცა, შემდეგ ეს ინფორმაცია ყველასთვის ცნობილი გახდა. ფედერალური კომუნიკაციების კომისიაში შეტანილ საბუთებში PointView Tech LLC-ს აღნიშნული ქონდა რომ, მათი მიზანია განავითარონ „მომავალი თაობის ფართოპოლუსიანი ინფრასტრუქტურა იმ რეგიონებში, სადაც თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები ჯერ კიდევ არ არის“.

პროექტი, რომელიც სავარაუდოდ, მალე განხორციელდება, ჯერ კიდევ 2019 წელს უნდა ამოქმედებულიყო. ფედერალური კომუნიკაციების კომისიაში შეტანილ საბუთებში აღნიშნულია ისიც, რომ „საცდელი თანხმობა“ შეიცვალოს და პროექტის ხელმძღვანელებს მიეცეთ საშუალება თანამგზავრისთვის გამოიყენონ დედამიწაზე არსებული სადგურები ნორვეგიასა და ანტარქტიდაზე.

როგორც ჩანს, თანამგზავრის კოსმოსში გაშვების შეფერხება რაკეტა Vega-საც უკავშირდება. სწორედ ამ რაკეტამ უნდა გაუშვას თანამგზავრი კოსმოსში. როგროც ცნობილია, 2019 წლის ივნისში მომხდარი ავარიის გამო რაკეტა დაზიანებულია და ჯერ კიდევ მიმდინარეობს მისი აღდგენის სამუშაოები. ავარიის გამო, Arianespace-ის ზარალი, რომელიც ამ რაკეტას ფლობს, 415 მილიარდ დოლარს შეადგენდა. თუმცა, უახლესი ინფორმაციით, მალე დასრულდება რაკეტის განახლება და კულუარული ინფორმაციით, თანამგზავრის გაშვება 2020 წლის 23 მარტისთვის იგეგმება.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ