სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წელს თაფლის 100-მდე ნიმუში აიღო და გამოსაკვლევად ლატვიის სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტის (BIOR) ლაბორატორიაში გადააგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიხედვით, დარღვევა 9 ნიმუშში დაფიქსირდა (აღმოჩნდა ქლორამფენიკოლი და მეტრონიდაზოლი). რეგიონების მიხედვით დარღვევები ასე გადანაწილდა: აჭარა - 3 დარღვევა, სამეგრელო - 2 დარღვევა, თბილისი - 1 დარღვევა, რაჭა - 1 დარღვევა, კახეთი - 1 დარღვევა.
„ლაბორატორიული კვლევის მიზანი თაფლში ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების დადგენაა.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში თაფლის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებს, მათ ინფრასტრუქტურას ამოწმებს და თაფლის ნიმუშებს იღებს.
გასულ წლებთან შედარებით, 2019 წელს დადებითი ტენდენცია გამოიკვეთა, რაც მეფუტკრე ფერმერებთან მუდმივი კომუნიკაციის შედეგია - პრეპარატების გამოყენების წესებთან დაკავშირებით არაერთი ტრენინგი ჩატარდა. მეფუტკრეებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ თაფლში ზოგიერთი ნივთიერების დასაშვებ რაოდენობებსა და, ზოგადად, აკრძალულ ნივთიერებებს, რომლებიც ევროკავშირის სტანდარტით, მკაცრად არის გაწერილი,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.