არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ პირველი სექტემბრისათვის 10.4 მლრდ ლარს მიაღწია

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2014 წლის პირველი სექტემბრისათვის 10.4 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 150.7 მლნ ლარით ანუ 1.5 პროცენტით მეტია მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის არსებულ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა მოთხოვნამდე დეპოზიტების ზრდას 53.3 მლნ ლარით ანუ 1.2 პროცენტით და ვადიანი დეპოზიტების ზრდას 97.5 მლნ ლარით ანუ 1.7 პროცენტით.

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 59.81 პროცენტი შეადგინა - 1.34 პროცენტული პუნქტით ნაკლები პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.8 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 7.7 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 4.6 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.4 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 16.0 პროცენტი შეადგინა.