2019 წელი, მთლიანობაში, პოზიტიური იყო მთლიანად საქართველოს ეკონომიკისთვის, რადგან ჩვენი ეკონომიკა, მიუხედავად შიდა თუ გარე გამოწვევებისა და პრობლემებისა, გაიზარდა მოსალოდნელზე მაღალი ტემპით და ამ ნიშნით საქართველო უსწრებს რეგიონის მრავალ ქვეყანას. განსაკუთრებით დადებითად ვითარდებოდა ექსპორტი, რომელიც ასევე მაღალი ტემპით გაიზარდა და ბედნიერი ვარ, რომ ამ ეკონომიკურ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანეს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებმა - იმ საწარმოებმა, ვინც პროგრამის დახმარებით შეძლეს ამოქმედება, თავისი პროდუქციის ექსპორტზე გატანა თუ ადგილობრივი ბაზრისთვის შეთავაზება, - ამის შესახებ ნათია თურნავამ ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც საწარმო „მეამა“-ში გაიმართა.
აღნიშნული საწარმო პროგრამის ერთ-ერთი წარმატებული ბენეფიციარია - „მეამა“ პროგრამის ინდუსტრიული კომპონენტის მხარდაჭერით გაიხსნა და მსოფლიოს მასშტაბით ერთადერთია, რომელიც ერთდროულად აწარმოებს როგორც ევროპული, ისე ამერიკული ფორმატის ყავის კაფსულებს. საწარმოში ამჟამად 120 ადამიანია დასაქმებული.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, 2014 წლიდან დღემდე „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილია 500-მდე ქართული საწარმო, 350-მდე მცირე სასტუმრო, ხოლო მთელი საქართველოს მასშტაბით 6200 ოჯახზე მეტმა მიიღო მიკროგრანტები და შეძლო მცირე საოჯახო ბიზნესსაქმიანობის დაწყება.
„პროგრამამ შეიძინა ძალიან ბევრი მეგობარი, მომხრე და პოპულარობით სარგებლობს ქართველ ბიზნესმენთა შორის. ერთ მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ამ პროგრამის მხარდაჭერით და, რაც მთავარია, შეიქმნა 16 500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი მთელ საქართველოში - ქალაქებსა თუ რეგიონებში“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე ინფორმაციით, 2019 წელს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მხარი დაუჭირა 350-მდე სხვადასხვა საწარმოსა თუ სასტუმროს პროექტს, მათ შორის იმ მცირე სასტუმროებს, რომლებსაც 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დასჭირდათ დახმარება. მინისტრის თქმით, ეს მაჩვენებელი სამჯერ უფრო მეტია, ვიდრე იმ პროექტების რიცხვი, რაც წინა, 2018 წელს იყო განხორციელებული და მხარდაჭერილი.
საწარმო „მეამაში“ გამართულ პრეზენტაციას მთავრობის, პარლამენტისა და საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის, ასევე, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დამსწრე საზოგადოებას 2019 წლის ანგარიში და 2020 წლის გეგმები სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა წარუდგინა.