კონცერნმა Daimler-მა 2019 წლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანიამ ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ 2,7 მილიარდი ევროს მოგება ნახა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 60%-ით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ კომპანიას ასე მცირე მოგება ბოლოს 10 წლის წინ ჰქონდა. მიუხედავად მოგების სიმწირისა, გაზრდილია მისი შემოსავლები და მან 172,7 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც 3%-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე.
აღსანიშნავია, რომ მოგების მკვეთრი შემცირება კომპანიის მხრიდან ელექტრომობილების მიმართულებით ძალიან დიდი ინვესტიციებით და დიზელის სკანდალის შედეგად დაკისრებული 4 მილიარდი ევროს ოდენობის ჯარიმებითაა გამოწვეული.
Daimler-ის მხრიდან ამ ფინანსური მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ მისი აქციების ფასმა იკლო და 0,90 ევრო შეადგინა, მაშინ როცა წინა წელს 3,25 ევრო იყო ერთ ერთეულზე.
რაც შეეხება ბრენდს Mercedes-Benz, რომელიც Daimler-ის კუთვნილი ბრენდია, ის 2019 წელს გაყიდვების ლიდერი ბრენდი იყო პრემიუმ სეგმენტში და კომპანიამ გასული წლის 12 თვის განმავლობაში 2,34 მილიონი ავტომობილი გაყიდა, რაც 1,9%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ამ ბრენდისთვის ეს ზედიზედ ცხრაწლიანი ზრდაა.