Brexit-ის შემდეგ ევროკავშირის ბიუჯეტის ყოველწლიური დეფიციტი 15 მილიარდი ევრო იქნება.
Euronews-ის ცნობით, Brexit როგორც დიდი ბრიტანეთის, ასევე ევროკავშირის ეკონომიკას დიდ ზიანს მოუტანს. ექსპერტების მტკიცებით, ევროკავშირის წინასწარ გაწერილ ბიუჯეტში ბრიტანეთის კონტრიბუციის გარეშე 15 მილიარდამდე ევროს დეფიციტი გაჩნდება, რაც გაერთიანებაში კრიზისულ სიტუაციას შექმნის.
აღსანიშნავია, რომ აქამდე ევროკავშირში გერმანიის შემდეგ ყველაზე დიდი და ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანად დიდი ბრიტანეთი ითვლებოდა.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ბიუჯეტის შემცირება ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, როგორებიცაა გლობალური დათბობის შეჩერება, განახლებადი რესურსების გამოყენება და ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირება.
ევროპის სახალხო პარტიის წევრის, ზიგფრიდ მურესანის მტკიცებით, ევროკავშირისთვის საუკეთესო გამოსავალი ბიუჯეტის შემცირება იქნება:
„დღესდღეობით ევროკავშირის არაერთი სახელმწიფო უკვე ფიქრობს, რომ გაერთიანების ბიუჯეტი უნდა შემცირდეს. ევროკავშირმა ასევე უნდა გადახედოს საკუთარ პოლიტიკას და Brexit-ის შემდეგ არსებულ რეალობასთან ადაპტირდეს.“-განაცხადა მან.