„მზად ვართ, საქართველოში შემოვიდეს ისეთი წარმოება, როგორიცაა: ავტონაწილები, ავიანაწილები, ელექტრონაწილები და ბიზნეს პროცესების აუთსორსი"

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი აცხადებს, რომ პროგრამის მუშაობიდან 6 წლის თავზე სახელმწიფოს მხრიდან თითო სუბსიდირებულმა ლარმა სტიმული მისცა კერძო სექტორის მხრიდან 16-ჯერ მეტ ინვესტიციის განხორციელებას, ასევე 5 ლარის გადასახადი შეიტანა ბიუჯეტში და შექმნა 9 ლარამდე მთლიანი შიდა პროდუქტი. ამის შესახებ ხიდურელმა ჟურნალისტებს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ შედეგებზე საუბრისას განუცხადა.

„იცით, რომ სასტუმროც და საწარმოც არის ბიზნესი, რომელიც საშუალო და გრძელვადიან პერიოდში უფრო მეტ დოვლათს შექმნის. ძალიან კარგი შედეგები გვაქვს ექსპორტის მიმართულებით, ყოველწლიურად მეტი კომპანია გადი ექსპორტზე და ესწრება საერთაშორისო გამოფენებს. ამასთან, ინვესტიციების კუთხით, ჩვენ თავს დავუსახეთ გეგმა, რომ 2020-2021 წლებში 225 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უნდა მოიზიდოს სააგენტომ მაღალტექნოლოგიურ და ცოდნაზე დაფუძნებულ სექტორებში. მათ შორის რამდენიმე ახალი და რთული შემოსაყვანია, თუმცა მზად ვართ ეს გამოწვევა მივიღოთ და საქართველოში შემოვიდეს ისეთი წარმოებები, როგორიცაა: ავტონაწილები, ავიანაწილები, ელექტრონაწილები და ბიზნეს პროცესების აუთსორსი“,-აღნიშნა ხიდურელმა.

ცნობისთვის, დღეს ყავის საწარმო „მეამა“-ში სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია გაიმართა.