არჩილ თალაკვაძე - „ბლუმბერგის“ სტატია, მაღალი ალბათობით, დასპონსორებულია

„ბლუმბერგის“ სტატია, მაღალი ალბათობით, არის დასპონსორებული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან „ბლუმბერგზე“ გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა.

რაც შეეხება საერთაშორისო თანამშრომლობას, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მეგობრებთან და პარტნიორებთან მუშაობას და თანამშრომლობას აგრძელებენ, ხოლო მოწინააღმდეგეებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ელოდებიან.

"ოპოზიციური პარტიების ნაწილი, რომელსაც ქვეყანაში აქვთ დაბალი ან ნულოვანი მხარდაჭერა, თავის წინასაარჩევნო კამპანიას ახორციელებს საზღვარგარეთ, მათ იციან რომ საქართველოში მათ ჩვენი საზოგადოება მხარს არ უჭერს. ისინი ცდილობენ საზღვარგარეთ საერთაშორისო პრესისა და გაზეთების გამოყენებით გააჟღერონ თავისი პოზიციები და სცადონ ამით კომპენსაცია გაუკეთონ იმ დაბალ მხარდაჭერას, რომელიც ქვეყანაში აქვთ. „ბლუმბერგის“ სტატია მაღალი ალბათობით არის დასპონსორებული სტატია და ეს რომ დასპონსორებული ჩანს, იქიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ „ბლუმბერგს“ არც ერთხელ უთქვამს და არ გაუშუქებია, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა სამი მილიარდი დახარჯა საქართველოში სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტისთვის და დღეს აქვეყნებს სტატიას, რომ თითქოს ის 77 000 დოლარს ხარჯავს. მგონი ძალიან დიდი განსხვავებაა სამ მილიარდსა და 77 000 დოლარს შორის“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საარჩევნო წელია, მოსალოდნელი იყო რომ პარტიების ნაწილი სწორედ ასეთ კამპანიას აწარმოებდა.

„მათ არ აქვთ იმედი, რომ საქართველოში მიიღებენ მხარდაჭერას, ამიტომ ცდილობენ რომ საერთაშორისო პრესაში და სხვა ქვეყნის დედაქალაქებში ჩაატარონ კამპანია. რაც შეეხება საერთაშორისო თანამშრომლობას, მეგობრებთან და პარტნიორებთან ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და თანამშრომლობას, ხოლო მოწინააღმდეგეებს ველოდებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში", - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისათვის, „ბლუმბერგი“ ლობისტური კომპანიის დაქირავების თაობაზე სტატიას აქვეყნებს, სადაც ივანიშვილს „ჩრდილოვან ბოსად“ მოიხსენიებს.

გამოცემის ცნობით, ივანიშვილს ლობისტური კომპანიის დაქირავება კონგრესმენების ბოლოდროინდელმა წერილებმა აიძულა.