მისო-ების შემცირების მიუხედავად, გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა - როგორ შეიცვალა მიკროსაფინანსოების ბაზარი ერთ წელიწადში

მისო-ების შემცირების მიუხედავად, ერთ წელიწადში მათ მიერ გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა, 200-ზე მეტი ადამიანი კი სამსახურის გარეშე დარჩა.

კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული ანგარიშების მიხედვით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში ბაზარზე 52 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა, რაც 22,3 %-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის მეოთხე კვარტალში ბაზარზე სულ 67 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო.

ამავე მონაცემებით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში საფინანსო ბაზრის ამ სექტორში სულ დასაქმებული იყო 4101 ადამიანი, რაც 286 ადამიანით, დაახლოებით, 6,5 %-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის მეოთხე კვარტალში მისო-ებში 4 387 ადამიანი მუშაობდა.

ერთი წლის განმავლობაში 1 ერთეულით შემცირდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფილიალების რაოდენობაც. კერძოდ, თუ 2018 წლის მეოთხე კვარტალში 71 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 383 ფილიალით იყო წარმოდგენილი, 2019 წლის მეოთხე კვარტალში 52 მისო 382 ფილიალს ფლობს.

მისო-ების შემცირების მიუხედავად გაიზარდა მათ მიერ გაცემული მთლიანი სესხების მოცულობა. ანგარიშგების მიხედვით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში მისო-ების მიერ გაცემული იყო 1,129 მლრდ ლარის სესხი, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,101 მლრდ. რაც იმას ნიშნავს, რომ გაცემული სესხების რაოდენობა 28 მლნ ლარით გაიზარდა.

რაც შეეხება გაცემული სესხების სტრუქტურას, 2018 წლის მეოთხე კვარტლის კონსოლიდირებული მონაცემების მიხედვით, მისო-ების მიერ ჯამში გაცემული 1,101 მლრდ ლარის მოცულობის სესხიდან ყველაზე მეტი - 337,116 მლნ ლარი იყო სამომხმარებლო სესხი. გაცემული სესხების მოცულობით მეორე ადგილზეა სალომბარდე მომსახურება. კერძოდ, 2018 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, მიკროსაფინანსოებმა 299, 862 მლნ ლარის ლომბარდული სესხი გასცეს. ვაჭრობისა და მომსახურების სფერო კი მიკროსაფინანსოებმა 187,172 მლნ ლარით დააკრედიტეს.

2019 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით კი, გაცემული 1,129 მლრდ ლარის სესხიდან 432,138 მლნ ლარი - სალომბარდე სესხი იყო, 268,978 - სამომხმარებლო სესხი, ხოლო, 110, 536 მლნ ლარი ვაჭრობასა და მომსახურების სექტორზე გაიცა.

ნინი ქეთელაური