ოზურგეთში საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები დილიდან განაახლა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გურიასა და აჭარაში, სტიქიის ზონებში იმყოფებიან დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მონიტორინგს უწევენ სიტუაციას, ასევე, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და შესაბამისი სამუშაოები ხორციელდება.

გუშინ, ოზურგეთის რაიონში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ბჟუჟიმ დააზიანა საავტომობილო გზა, რის გამოც აკრძალულია ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე (სოფ. შემოქმედი). მოძრაობა ხორციელდება შემოვლითი გზის საშუალებით. დღეს დილიდან ოზურგეთის რაიონში, სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის სავალი ნაწილის აღდგენითი და ნაპირსამაგრი სამუშაოები განახლდა, ადგილზე იმყოფება საპროექტო ორგანიზაციაც, რომელმაც პარალელურ რეჟიმში პროექტირება დაიწყო. ნახევარ-კილომეტრიანი დაზიანებული გზის მონაკვეთის აღდგენით სამუშაოებს "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ახორციელებს.

უკვე მეოთხე დღეა სტიქიის ზონებში იმყოფებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე.