ავიამიმოსვლა მსოფლიოში გადაადგილების ყველაზე სწრაფ და კომფორტულ საშუალებას წარმოადგენს. დაბალბიუჯეტიანი კომპანიების მომრავლებამ და თანამედროვე ტექნოლოგიებმა ავიამიმოსვლა უფრო ინტენსიური გახდა.
CNN-ის ინფორმაციით, თუ 2018 წლის განმავლობაში ადამიანებმა ავიმიმოსვლით 8.8 მილიარდჯერ ისარგებლეს, 2040 წლისთვის ეს რაოდენობა 19.7 მილიარდს გადააჭარბებს.
ამ გამოწვევიდან გამომდინარე აეროპორტები წლიდან-წლამდე მუდმივად იცვლება. CNN წარმოგიდგენთ ძირითად ცვლილებებს, რომლებიც 2030 წლამდე აეროპორტების უმეტესობაში იქნება.
თითის ანაბეჭდების შემოწმება
გამოცემის მიხედვით, მგზავრების უსაფრთხოების დაცვის მიზნით სულ უფრო პოპულარული ხდება თითის ანაბეჭდების ჩაბარებისა და შემოწმების იდეა. აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით მსგავს სისტემას 10-მდე აეროპორტი იყენებს და სავარაუდოდ, მათ ძალიან მალე აეროპორტების უმეტესობა დანერგავს.
ხელოვნური ინტელექტი
იქიდან გამომდინარე, რომ აეროპორტები დღეს გაცილებით უფრო გადატვირთულები ხდება, აუცილებელია მგზავრების სწრაფად შემოწმების მექანიზმის შემუშავება. ამიტომ დარგის სპეციალისტები ცდილობენ შეიმუშაონ ტექნოლოგიები, რომლებიც აეროპორტის მომუშავე პერსონალის საქმიანობის დიდი ნაწილს, მათ შორის, ბარგის შემოწმება და დახარისხება, შეითავსებენ.
უკეთესი აპლიკაციები
სტატიის მიხედვით, მომავლის ავიამიმოსვლა გაცილებით უფრო ინფორმაციული იქნება. ახალი აპლიკაციები მგზავრებს მათთვის საჭირო ყველა ინფორმაციას მიაწვდიან. შედეგად, მგზავრები მიიღებენ ისეთ საჭირო ცნობებს როგორიცაა, ფრენის განრიგი, გასასვლელების დახურვამდე დარჩენილი დრო, პარკირება, ამინდის პროგნოზი და სხვა.
უფრო კომფორტული აეროპორტები
ფრენის გადადება, ფრენებს შორის დიდი შუალედი და მოსასვენებელი სივრცეების ნაკლებობა დღევანდელი აეროპორტების უმთავრესი პრობლემას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე აეროპორტების უმეტესობაში ცდილობენ ავიამიმოსვლა გაცილებით უფრო კომფორტული გახდეს.
2030 წლისთვის მათი გეგმაა აეროპორტები უფასო ინტერნეტით სრულიად იყოს უზრუნველყოფილი და შეიქმნას მეტი რეკრეაციული ზონა, რათა მგზავრებმა განტვირთვა შეძლონ.