თურქული ავიაკომპანია Atlasglobal-ი ფრენებს წყვეტს. სააგენტო Demirören News Agency-ის, კომპანიის მაღალჩინოსნებმა ყველა თანამშრომელი სტამბოლის მთავარ ოფისში დაიბარეს. სავარაუდოდ ავიაკომპანია თავს გაკოტრებულად გამოაცხადებს. Atlasglobal, რომელიც ადრე Atlas Jet-ის სახელით ოპერირდებდა, 2001 წელს დაარსდა. ავიაკომპანია ამჟამად 18 თვითმფრინავს ფლობს, ხოლო კომპანიის სათაო ოფისი სტამბოლშია.
Atlasglobal-ი არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც ბაზრიდან გავიდა. მხოლოდ 2019 წელს ფრენები 10-ზე მეტმა კომპანიამ შეაჩერა. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ კომპანიებს, რომლებმაც ერთი წლის განმავლობაში მუშაობა შეწყვიტეს.
California Pacific Airlines: 2019 წლის იანვარი
ეს რეგიონალური ავიაკომპანია კალიფორნიის შტატშია და მხოლოდ რამდენიმე თვე ფუნქციონირებდა. ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა ბიზნესის რესტრუქტურიზაციის შესახებ განაცხადეს და როგორც ამბობენ, ავიაკომპანია მუშაობას 2020 წელს განაახლებს.
Germania: 2019 წლის თებერვალი
ამ გერმანულმა ავიაკომპანიამ ბაზარზე პოზიციონირება როგორც ჩარტერულმა ავიაკომპანიამ დაიწყო. თავდაპირველად კომპანიამ წარმატებას მიაღწია, თუმცა 2018 წელს საწვავზე გაზრდილმა ფასმა და შეფერხებულმა ფრენებმა კომპანიის იმიჯზე ნეგატიურად იმოქმედა.
Flybmi: 2019 წლის თებერვალი
ეს ბრიტანული რეგიონალური ავიაკომპანია British Midland International-ის ფილიალად ითვლებოდა. ავიაკომპანიის წარმომადგენლები წარუმატებელ საქმიანობას საწვავზე მაღალ ფასს მიაწერდნენ.
Fly Jamaica Airways: 2019 წლის მარტი
ამ ავიაკომპანიამ, რომლის მთავარი ბაზა იამაიკაშია, მოღვაწეობა ბანალური მიზეზით - თვითმფრინავების არასაკმარისი რაოდენობის გამო დაასრულა. ეს კი ავიაკომპანიის ერთ-ერთი თვითმფრინავის ავარიის შემდეგ უფრო შესამჩნევი გახდა.
Wow Air: 2019 წლის მარტი
ეს ისლანდიური ავიაკომპანია ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას შორის ფრენებს უპრეცედენტოდ დაბალ ფასად $128 აწარმოებდა. ავიაკომპანია 2012 წელს დაარსდა და 2015 წლისთვის ის გაფართოვდა კიდეც. ხელმძღვანელების აზრით, ბიზნესის ჩავარდნა დაბალი ფასის მომსახურების გაზრდამ გამოიწვია.
Jet Airways: 2019 წლის აპრილი
ავიაკომპანია მუმბაიში დააარსეს. ის თავდაპირველად მგზავრებს დაბალი ფასის მომსახურებას სთავაზობდა, თუმცა ბოლოს მაინც დაიხურა.
Aigle Azur: 2019 წლის სექტემბერი
ფრანგული ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, მგზავრებისთვის ახალი მარშრუტები და ახალი თვითმფრინავები შეეთავაზებინათ, თუმცა საბოლოოდ ავიაკომპანია უსახსრობის გამო მალევე დაიხურა.
Thomas Cook: 2019 წლის სექტემბერი
Thomas Cook მსოფლიოში ერთ ერთი უძველესი ავიაკომპანიაა და 178 წელს ითვლის. თუმცა ავიაკომპანიამ ვერ იპოვა 249 მილიონი დოლარი ვალების დასაფარად და კომპანიის ხელმძღვანელები იძლებული გახდნენ ფრენები შეეწყვიტათ.
Air Italy: 2020 წლის თებერვალი
ავიაკომპანიამ ფრენების განხორციელება 2018 წლიდან დაიწყო, თუმცა 2 წლის შემდეგ ის მაინც დაიხურა. ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანია ფრენებს 25 თებერვლიდან სრულად გააუქმებს.
მოამზადა ეკა გადახაბაძემ