კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობამ 11.1 მლრდ ლარი შეადგინა

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2014 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით 41.4 მლნ ლარით (0.4 პროცენტით) გაიზარდა და 11.1 მლრდ ლარი შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 0.9 მლნ ლარით (0.02 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 40.4 მლნ ლარით (0.6 პროცენტით) გაიზარდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2014 წლის აგვისტოს ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.3 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.7 პროცენტით ანუ 48.6 მლნ ლარით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით - 4.2 მლრდ ლარის (შესაბამისად, 0.7 პროცენტით ანუ 29.9 მლნ ლარით მეტი) მოცულობის სესხი.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი-30.1 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. 2014 წლის ივლისთან შედარებით, მიმდინარე წლის აგვისტოში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 3.6 პროცენტით ანუ 61.1 მლნ ლარით შემცირდა და პირველი სექტემბრისათვის 1.6 მლრდ ლარი შეადგინა.

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 22.7 პროცენტი შეადგინა, რაც 2014 წლის პირველი სექტემბრისათვის 1.2 მლრდ ლარით განისაზღვრა (0.02 პროცენტით ანუ 0.2 მლნ ლარით ნაკლები პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით); 7.3 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 399.3 მლნ ლარია (2.3 პროცენტით, ანუ 9.3 მლნ ლარით ნაკლები, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 60.1 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

2014 წლის აგვისტოს განმავლობაში 0.7 პროცენტით ანუ 36.9 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 5.4 მლრდ ლარი შეადგინა.