8 ქალაქი საქართველოში, სადაც შესაძლოა, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ქუჩებში, რეალურ მოძრაობაში დაიწყოს

საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, პარლამენტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს.

კანონის პროექტი, მათ შორის მართვის მოწმობის პრაქტიკული ნაწილის ორ ეტაპად გაყოფას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ბიუროს სხდომაზე ინიცირება გასული წლის მარტში მოხდა, თუმცა ამ დრომდე მისი პლენარულ სხდომაზე განხილვა არ მომხდარა.

ცვლილებების მიხედვით, გამოცდის პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) დახურულ საგამოცდო მოედანზე ჩატარდება, როგორც ეს ამჟამადაც ხორციელდება, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში - წინასწარ შერჩეულ და შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე.

ამასთან, როგორც მთავრობის მიერ დამტკიცებულ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2020 წლის სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული, მართვის მოწმობის პრაქტიკური გამოცდის რეალურ მოძრაობის გადატანის პროცესში, მთავრობის პარტნიორი მუნიციპალიტეტებია - რუსთავი, თელავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, საჩხერე, ოზურგეთი და ბათუმი. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, სწორედ ამ ქალაქებში მოხდეს გამოცდისთვის შესაბამისი მარშრუტების ინფრასტრუქტურულად მოწყობა.

გეგმის მიხედვით, პროექტის განხორციელებისთვის საპროგნოზო ბიუჯეტად 1 მლნ ლარია გათვალისწინებული.

აღსანიშნავია, რომ მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ორეტაპიანად გარდაქმნა, მართვის უფლების მისაღები გამოცდის საფასურის გაზრდას იწვევს. „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასურია - 40 ლარი, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების - 90 ლარი. რაც შეეხება თეორიულ კომპონენტს, მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საფასური ნაცვლად 40 ლარისა გახდება 20 ლარი.

თაია არდოტელი