რა  ჯდება კერძო სახლებსა და აგარაკებში წყლის სისტემების შეყვანა/გაკეთება

წყლის სისტემის გაყვანა სახლებსა და ეზოებში სპეციალურ ცოდნას მოითხოვს და მნიშვნელოვანია სპეციალისტმა შეაფასოს.

ბოლო დროს აგარაკებზე სულ უფრო პოპულარული ხდება დეკორატიული შადრევანი და ჩანჩქერი. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეზოში წყალი გვქონდეს და რა შეგიძლიათ გამოიყენოთ იმ შემთხვევაში, თუ წყალი ცუდად ან საერთოდ არ მოგეწოდებათ - ამ და სხვა საკითხებზე წყალმომარაგების სპეციალისტი ბექა ჯიქიძე საუბრობს.

- თავდაპირველად მინდა გითხრათ, იმისთვის, რომ ეზოში წყალი გვქონდეს, საჭიროა განცხადებით GWP-ს მიმართოთ და შეავსოთ მარტივი ფორმა, რის შემდეგაც, ტექნიკური პირობის საფუძველზე, განისაზღვრება, რა დიამეტრის მილითაა წყლის შემოყვანა შესაძლებელი. განაცხადში წერილობით მიეთითება ახალი აბონენტის სავარაუდო გეგმა და შესაბამისად, GWP განსაზღვრავს მილის დიამეტრს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მიიღოთ საჭირო წნევა და არ შეგექმნათ გაუთვალისწინებელი პრობლემები სარწყავ სისტემასთან დაავშირებით.

- რამდენად ძვირი ჯდება ეზოში მთლიანი სისტემის გაკეთება?

- წყლის ფასი განისაზღვრება მომსახურების მიხედვით და იყოფა ორ ნაწილად: პირველი, საყოფაცხოვრებო და მეორე, არასაყოფაცხოვრებო მიწოდება. ამ შემთხვევაში, რადგან ეზოს და სახლის წყალმომარაგებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ განვიხილავთ საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა პაკეტს, რაც ნიშნავს იმას, რომ სასმელ წყალს მოვიხმართ ეზოს სარწყავი სისტემისათვის. არსებობს ორნაირი გადახდის ტიპიც - მრიცხველიანი და უმრიცხველო. უმრიცხველოს შემთხვევაში ყოველთვიური გადასახადი ითვლება თვეში 3.89 ლარი ერთ სულზე, აქედან წყლის მიწოდებისთვის 2.92 ლარია, გამწმენდი მომსახურებისთვის 0.93 ლარი, ხოლო მრიცხველიანის გადასახადია 0.39 ლარი.

- ხშირად, ეზოს გასალამაზებლად იყენებენ დეკორატიულ ჩანჩქერებსა და შადრევნებს, რამდენამდ მარტივია მისი გაკეთება და როგორ ხდება წყლის შეყვანა?

- გეთანხმებით, უკანასკნელ ტენდენციებს თუ გადავავლებთ თვალს, ეზოს გასალამაზებლად, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი აწყობს ეზოში დეკორატიულ შადრევნებსა თუ ჩანჩქერებს. ისინი ეზოს მეტ სიმყუდროვეს, მდიდრულ იერს, სილამაზეს სძენენ და განტვირთვისათვის შეუდარებელ გარემოს ქმნიან. დეკორატიული შადრევნებისა და ჩანჩქერების მოწყობის სიმარტივე დამოკიდებულია რელიეფზე, წყალმომარაგებაზე, მომხმარებლის მოთხოვნაზე და ა.შ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვეულებრივ პირობებში, ტექნიკური თვალსაზრისით, მათი მოწყობა არ წარმოადგენს სირთულეს.

- რა ჯდება მსგავსი დეკორატიული ჩანჩქერის გაკეთება?

- იმის გათვალისწინებით, რომ შადრევნის 21 ნაირსახეობა არსებობს, ფასიც სწორედ კლიენტის მოთხოვნაზეა დამოკიდებული. უმეტეს შემთხვევაში, ყველა შადრევანი ერთსა და იმავე პრინციპზეა დამოკიდებული. დეკორატიული შადრევანი შედგება რამდენიმე ნაწილისაგან. პირველი, ესაა ჩანჩქერის დეკორატიული ნაწილის ქვეშ არსებული ავზი, რომლის ფასს მისი ხარისხი და ზომა განაპირობებს. ავზში თავსდება ე.წ. ტუმბო, რომელიც დეკორატულ ნაწილში განთავსებულ მილსა და მის ნაწილებში წყალს ამოძრავებს. ტუმბოს ფასს განსაზღვრავს, რა თქმა უნდა, მისი ბრენდი და სიმძლავრე, შესაბამისად, მისი ფასი ამ ფაქტორებზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, შადრევნის მოსაწყობად, აუცილებელია დეკორატიული ნაწილი. დეკორატიული ნაწილი, ზოგერ ძალიან მინიმალისტურია და სულაც არაა პომპეზური, რომელსაც მომხმარებელთა გარკვეული ტიპი ანიჭებს უპირატესობას. შადრევნის ამ ნაწილის ფასი დამოკიდებულია მასალაზე, სირთულეზე, სიდიდესა და მწარმოებელზე. ხარჯთაღრიცხვის შედგენისას, ყოველთვის ვიღებთ მხედველობაში ფილტრებს, მილების სიგრძესა და ხარისხს. მომხმარებელმა, ფასის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა მიიღოს წმენდის, წყლისა და ელექტრო ენერგიის დანახარჯები. გავიმეორებ, რომ დეკორატიული ჩანჩქერისა თუ შადრევნის მოწყობა დამოკიდებულია მასალაზე, მომხმარებლის მოთხოვნასა და სხვა ობიექტურ გარემოებებზე. ფასი, საშუალოდ 3000 ლარიდან 6000 ლარამდე მერყეობს.

- საშუალოდ, თვეში რამდენს წვავს ეზოში მოსარწყავად განკუთვნილი წყალი და დეკორატიული ჩანჩქერი?

- სარწყავი სისტემის მიერ წყლის მოხმარება დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის, სარწყავი სისტემის ტიპზე (წვეთოვანი და ჭავლური), კლიმატზე, სეზონზე, ნარგავების ტიპზე და ა.შ. მაგალითად, დასავლეთ საქართველოში, ჭარბტენიანობისა და ნალექების სიუხვის გამო, სარწყავი სისტემის მიერ წყლის მოხმარება, თუნდაც ზაფხულის პერიოდში, საკმაოდ მცირეა. აღმოსავლეთ საქართველოში კი, პირიქით, სისტემის ფუნქციონირებისათვის დიდი ოდენობით წყალია საჭირო. ზოდაგად, დაუწერელი წესია, რომ მცენარეთა მორწყვა სასურველია საღამოს, როდესაც წყლის აორთქლება ნელა მიმდინარეობს. ვინც მცენარეთა მოვლაში მეტ-ნაკლებად ერკვევა, დამეთანხმება, რომ თავად ნარგავებისათვის ღამის საათებში დატენიანება უფრო უპრიანია, ვიდრე დღის განმავლობაში. ეს მოცემულობა, რა თქმა უნდა, მომხმარებლის „წისქვილზე ასხამს წყალს“ და მნიშვნელოვნად ამცირებს საექსპლუატაციო ბიუჯეტს. სარწყავ სისტემებთან დაკავშირებულ არაერთ ლიტერატურაში ავტორები თანხმდებიან, რომ დღის განმავლობაში, 1 კვადრატულ მეტრზე, მცენარეთა სრულფასოვანი დატენიანებისათვის დაახლოებით 2 ლიტრ-ნახევარია საჭირო. გადაიყვანეთ ეს ციფრი წყლის ტარიფსა და სარწყავი სისტემით მოსამარაგებელი მიწის კვადრატულბაზე და მიიღებთ წყლის ხარჯის საშუალო ოდენობას. რაც შეეხება ჩანჩქერის წყლის დანახარჯებს, იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადად სისტემაში ასებული წყალი ბრუნავს, ჩვეულ მდგომარეობაში, ორ კვირაში ერთხელ მაინც საჭიროებს შეცვლას. მკითხველისათვის ადვილი აღსაქმელი რომ იყოს, ჩანჩქერის მიერ დახარჯული წყალი უტოლდება ერთი თვის განმავლობაში უნიტაზის მიერ მოხმარებულ წყალზე ცოტა ნაკლებს.

იხილეთ გაგრძელება

წყარო : shin.ge