გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რწმუნებულთან, შალვა კერესელიძესთან ერთად, გიორგი ბერიშვილის ფერმა დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ფერმერმა გიორგი ბერიშვილმა სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, მერძეული და მეხორცული მიმართულების მესაქონლეობის ფერმა ააშენა. ფერმის ასაშენებლად 3,200,000 ლარი დაიხარჯა, საიდანაც 1,400,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო 60,000 ლარი პროგრამის „ახალგაზრდა მეწარმე“ ფარგლებში მიღებული გრანტი.
„სახელმწიფო ეხმარება და, ამავე დროს, მჭიდროდ თანამშრომლობს ფერმერებთან იმისთვის, რომ მივიღოთ უფრო პროდუქტიული საქონელი, გაიზარდოს მეურნეობების რაოდებობა და ადგილობრივი ბაზრისთვის შეიქმნას მეტი პროდუქტი. ჩვენ ვთანამშრომლობთ ბელარუს და ესტონელ კოლეგებთან, იმისთვის, რომ საქართველოში შემოვიყვანოთ მაღალპროდუქტიული, ჯანსაღი პირუტყვი და ფერმერული მეურნეობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას შევუწყოთ ხელი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
უწყების ინფორმაციით, „საგურამოს ფერმა“ ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერით შეიქნა. ფერმერი ორი სახელმწიფო პროექტის ბენეფიციარია. ვისურვებდი, მცხეთა-მთიანეთში მეცხოველეობის დარგში რაც შეიძლება მეტი პროექტი განხორციელდეს, რადგან მესაქონლეობა ჩვენი რეგიონისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა და რეგიონს ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი გააჩნია“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.
„ფერმაში, ამჟამად, 150 დეკეული და 45 სული მერძეული მაღალპროდუქტიული ჯიშის (ჰოლშტეინი) ძროხაა, რომელიც ფერმერმა ბელორუსიდან ჩამოიყვანა. სამომავლოდ, ფერმერი ესტონეთიდან დამატებით საქონლის შემოყვანას გეგმავს. 2020 წლის მარტის თვეში ფერმაში, ჯამურად, 300 სული მაღალპროდუქტიული მეხორცული და მერძეული ჯიშის საქონელი იქნება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფერმერმა პირველად განახორციელა საქართველოში ანგუსის ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სადედე ჯგუფის იმპორტი.
მეურნეობაში 11 ადგილობრივია დასაქმებული; წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 16 ახალი საწარმო გაიხსნა, მათ შორისაა რძის და ხილის გადამმუშავებელი საწარმოები და სასათბურე მეურნეობები“,-ნათქვამია ინფორმაციაში.