რა რეგულაცია ეკისრებათ ფრინველის ხორცის მწარმოებლებს

"ზოგიერთი ქვეყნიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ხორცში წყლის შემცველობა 40%-მდეც აღწევდა. ეს იყო მოსახლეობის მოტყუება - გამოდის, მომხმარებელი ორმაგ ფასს იხდიდა, რადგან ეტიკეტზე არ იყო ინფორმაცია, რომ ნახევარ ღირებულებას წყალში იხდიდა"

საქართველოში 1-ლი თებერვლიდან ფრინველის ხორცის ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა, რაც ნიშნავს, რომ გაყინულ და სწრაფად გაყინულ ქათმის ხორცში წყლის შემცველობა 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ფიქრობენ, რომ ახალი რეგლამენტი მომხმარებელთა უფლებებს დაიცავს, მწარმოებლები და იმპორტიორები კი ვარაუდობენ, რომ ეს პროდუქციას კილოგრამზე საშუალოდ 15-20%-ით გააძვირებს.

მაია ბერუაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სამმართველოს უფროსი: "ეს დადგენილება 2019 წლის ივლისში მივიღეთ და მწარმოებლებსა თუ იმპორტიორებს საკმარისი დრო ჰქონდათ, რათა რეგულაციებს მომზადებული შეხვედროდნენ. აქვე გეტყვით, რომ თუ ქათმის ხორცი ბაზარზე 2020 წლის 1-ლ თებერვლამდე განთავსდა, მას წყლის შემცველობასთან დაკავშირებული შეზღუდვები არ შეეხება ვარგისიანობის ვადის ამოწურვამდე.

აქამდე ქათმის ხორცში წყლის შემცველობასთან დაკავშირებული შეზღუდვები არ მოქმედებდა და მომხმარებელი დაუცველი­ იყო. მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რამდენ წყალს შეიცავდა შეძენილი პროდუქტი. ამჯერად შემუშავდა ფრინველის ხორცის ტექნიკური რეგლამენტი, რაც მარკეტინგული სტანდარტია და აწესებს მოთხოვნას, რომ გაყინულ და სწრაფად გაყინულ ფრინველის ტანხორცსა და ახალ, გაყინულ და სწრაფად გაყინულ ფრინველის ნაჭრებში წყლის საერთო შემცველობა, გამოყენებული გაცივების მეთოდის მიუხედავად, 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

სხვათა შორის, ეს სტანდარტი მწარმოებლების მომართვის საფუძველზე მივიღეთ. მათ მიაჩნდათ, რომ ქათმის ხორცში წყლის შემცველობის ნორმირება ხელს შეუწყობდა ადგილობრივ წარმოებას, თან გათვალისწინებული იქნებოდა მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესიც. სამინისტრომ გადაწყვიტა შეხვედროდა როგორც მწარმოებლებს, ისე იმპორტიორებს და სწორედ მათთან შეთანხმებით მივიღეთ ეს დადგენილება. რაც შეეხება მონიტორინგს, ქათმის ხორცი შემოწმდება საბაჟო პროცედურების დროს და სხვა დოკუმენტაციასთან ერთად პროდუქციის შემომტანს თან უნდა ჰქონდეს ვეტერინარული სერტიფიკატი, სადაც ქათმის ხორცში წყლის შემცველობა იქნება მითითებული. გარდა ამისა, საბაჟოზე შესაძლოა შერჩევით აიღონ პროდუქციის ნიმუშები და შეამოწმონ, შეესაბამება თუ არა დოკუმენტში მითითებული მონაცემები კანონმდებლობით მოთხოვნილ ნორმებს. თუ შემოტანილი პროდუქცია ვერ დააკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის პარამეტრებს, პარტია მწარმოებელ ქვეყანაში გაბრუნდება.

შემოწმებას შემოსავლების სამსახური ჩაატარებს, სურსათის უვნებლობის სააგენტო­ კი ვალდებულია, ბაზარზე გააკონტროლოს ფრინველის ხორცში წყლის შემც­ველობა შესყიდული ნიმუშების მიხედვით.­ თუ აღმოაჩენს, რომ ქათმის ხორცში წყლის შემცველობა 5%-ს აღემატება, პირველ შემთხვევაზე პროდუქციას წითელი ეტიკეტი დაეკვრება, სადაც იქნება წარწერა, რომ წყლის შემცველობა კონკრეტულ პროდუქტში დაშვებულ ზღვარს აღემატება. ეს იქნება გაფრთხილება მომხმარებლისთვის და უკვე ის გადაწყვეტს, იყიდის თუ არა. მაგრამ, თუ მწარმოებელი­ ან იმპორტიორი განაგრძობს რეგულაციის დარღვევას, შემდგომ ჯერზე სააგენტოს შეუძლია უფრო მკაცრ სანქციებს მიმართოს და კანონდამრღვევი ეკონომიკური სუბიექტის პროდუქცია ბაზარზე აღარ დაუშვას.

ბევრს აინტერესებს, გამოიწვევს თუ არა ეს რეგულაცია ფასის ცვლილებას. როცა იმპორტიორები და მწარმოებლები ამბობენ, რომ ქათმის ხორცი შესაძლოა 15-20%-ით გაძვირდეს, ფაქტობრივად, აღიარებენ, რომ მათი პროდუქცია სწორედ ამ ოდენობით წყალს შეიცავდა. წყლის გარეშე პროდუქტის ღირებულება იგივე დარჩება და შესაბამისად, გაძვირების საფუძველს ვერ ვხედავთ. აქვე მინდა საექსპორტო პროდუქციასთან დაკავშირებული ერთი დეტალი დავაზუსტო - თუ ის ბაზარი, სადაც საქართველოში­ წარმოებული ქათმის ხორცი გადის, არ აწესებს შეზღუდვებს წყლის შემცველობაზე, მწარმოებლებს არ მოეთხოვებათ შესაბამისობა ახალი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან.

მიმდინარე წლის 1-ლი თებერვლიდან ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების მხოლოდ ნაწილი შევიდა ძალაში, დანარჩენის ამოქმედება კი მომდევნო წლებში იგეგმება. მაგალითად, 2024 წლიდან შემოვა ვალდებულება, რომ ფრინველის ხორცი დაიყოს კატეგორიებად და სავალდებულო იქნება პროდუქციის ეტიკეტზე შესაბამისი კატეგორიის მითითება. ადგილობრივ ბაზარზე დაშვებული იქნება მხოლოდ ორი - A და B კატეგორიების ფრინველის ხორცის რეალიზაცია. გარდა ამისა, მოხდება პროდუქციის წონის რეგულირება, რაც ნიშნავს, რომ სხვაობა ეტიკეტზე მითითებულ და შეფუთვაში მოთავსებულ შიგთავსის წონას შორის 25 გრამს არ უნდა აღემატებოდეს. \2025 წლიდან ფრინველის ხორცის ეტიკეტზე გაჩნდება წარწერა, რითაც მომხმარებელი შეიტყობს, როგორი ტიპის მეურნეობაში გამოზარდეს ფრინველი, საფრინველეში, ბუნებრივ პირობებში თუ ინდუსტრიულ ფერმერულ მეურნეობაში".

რუსუდან გიგაშვილი, "მომავლის ფერმერის" თავმჯდომარე: "ეს კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან ზოგიერთი ქვეყნიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ხორცში წყლის შემცველობა 40%-მდეც აღწევდა. ეს იყო მოსახლეობის მოტყუება - გამოდის, მომხმარებელი ორმაგ ფასს იხდიდა, რადგან ეტიკეტზე არ იყო ინფორმაცია, რომ ნახევარ ღირებულებას წყალში იხდიდა. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ დღეს იმპორტირებულ ქათამში ვერც ნახავთ წყლის ისეთ დაბალ შემცველობას, როგორიც რეგულაციით არის მოთხოვნილი. მომხმარებლის ჯიბის დაზოგვის გარდა, ეს წაახალისებს მწარმოებლებს და ნედლი ხორცის მოხმარებას გაზრდის. არა მგონია, ამ რეგულაციამ კეთილსინდისიერი იმპორტიორები დააზარალოს, თუმცა დაახლოებით 15-20%-ით ფასის ზრდას, ალბათ, გამოიწვევს როგორც იმპორტირებულ, ისე ადგილობრივ პროდუქციაზე. ადგილობრივი მწარმოებლები იძულებული იყვნენ, კონკურენციაში შესულიყვნენ დემპინგურ ფასად შემოსულ იაფ იმპორტირებულ პროდუქციასთან და შესაბამისად, მათაც უწევდათ მიემართათ მარკეტინგული ხრიკებისთვის.

დღეს საქართველოში რამდენიმე ათასი ფერმერია, მათ შორის არიან მეფრინველეობის მსხვილი და წვრილი მეურნეობები, მაგრამ ადგილობრივი წარმოება ვერ ასცდა წელიწადში 30-32 ათას ტონას, რაც საერთო მოხმარების დაახლოებით 30%-ია.

არადა, ჯანსაღი კონკურენციითა და სახელმწიფოს ხელშეწყობით ჩვენ შეგვიძლია ქვეყნის მომარაგება ქათმის ხორცით, დღეს კი რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი გადის ქვეყნიდან ქათმის გაყინული ხორცის შესაძენად. ეტაპობრივად, 5-7 წელიწადში ჩვენ შეგვიძლია იმპორტი სრულად ჩავანაცვლოთ ადგილობრივი წარმოებით, მაგრამ ამისთვის საჭიროა სისტემური ხედვა და მიდგომა. დარგი ძალიან დიდი ხანია ითხოვს დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებას. ეს არის ერთადერთი დარგი სოფლის მეურნეობაში, რომელიც დღგ-თი იბეგრება. არადა, თუ გადასახადისგან გათავისუფლდება, პროდუქციაც გაიაფდება და დარგიც განვითარდება. მეფრინველეები ითხოვენ, რომ ხუთწლიანი მორატორიუმი გამოცხადდეს, ხელისუფლებამ მისცეს მათ დრო, იაფ იმპორტს კონკურენცია გაუწიონ. ეს ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს, ამით მოგებული დარჩება, მაგალითად, მემარცვლეობაც. ვთქვათ, თქვენ გაქვთ მეფრინველეობის საწარმო და საკვებად მარცვლეულის შეძე­ნა გჭირდებათ. მას ქართველი ფერმერი­ს­გან არ იყიდით, რადგან მასთან დღგ-ს­ ვერ ჩაითვლით და უპირატესობას იმპორტირებულს მიანიჭებთ.

ადგილობრივი მეფრინველეობა სრულიად დაუცველია. თურქეთიდან ხშირად­ დემპინგურ ფასად შემოდის პროდუქცია. მაგალითად, 1 დღის წიწილის წარმოება, რაც მნიშვნელოვანი პროდუქტია ქათმის ხორცის საწარმოო ჯაჭვის დაწყებისთვის, საქართველოში ხდებოდა, ახლა კი გაიზარდა მისი იმპორტი თურქეთიდან დემპინგურ ფასად და ადგილობრივი წარმოება შეავიწროვა. სამწუხაროდ, ჩვენი მეწარმეებისთვის, რომლებსაც შეზღუდული ფინანსური რესურსები აქვთ, ფასი ყოველთვის წარმმართველია და ეს მიუხედავად იმისა, რომ ყოველი 10 თურქული წიწილიდან 2 წუნდებული აღმოჩნდა. ჩვენ არც ანტიდემპინგური კანონი გვაქვს, ის სადღაც სამთავრობო ლაბირინთშია გაჭედილი, და არც ადგილობრივი ბაზრის დაცვის სხვა მექანიზმები, რაც, სხვათა შორის, ბევრმა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ აამოქმედა და დღეს არა მარტო თვითკმარ პროდუქციას აწარმოებენ, არამედ ფრინველის ხორცი ევროკავშირის ბაზარზეც გააქვთ.

ქათმის ხორცში წყლის შემცველობის შეზღუდვა ერთი პატარა დეტალია, რომელიც ადგილობრივ წარმოებას წაახალისებს, მაგრამ დარგში კიდევ ბევრი პრობლემაა. მაგალითად, არიან არაკეთილსინდისიერი მეწარმეები, რომლებიც იატაკქვეშეთში მოქმედებენ.გვაქვს შემთხვევები, როცა ხორცის ხარისხის დამადასტურებელ ფორმა #2-ს აყალბებენ. სასაკლაოზე იხდიან პირობითად 50 ქათმის შემოწმების ღირებულებას და რეალურად აკვლევინებენ ათ-ოცჯერ მეტ ფრთა ფრინველს.

ფრინველის ხორცის წლიური მოხმარება საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე 13 კილოგრამს შეადგენს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია მისი დადებითი, სასარგებლო თვისებებიდან და ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე, ამიტომ ხელისუფლებამ სათანადო ყურადღება უნდა გამოიჩინოს, რათა დარგის განვითარების პოტენციალი მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული, რაც ეკონომიკასაც წაადგება და ხალხსაც".

წყარო: „კვირის პალიტრა"

ემა ტუხიაშვილი