ძვირად ღირებული ავტომობილი, სახლები და მიწები გერმანიაში - რა ქონებას ფლობს ლევან კობიაშვილი, რომელიც ქონების არასრულად მითითების გამო დაჯარიმდა

პარლამენტის წევრი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ერთ-ერთია იმ მოხელეებს შორის, რომლებიც ქონების არასრულად მითითების გამო დაჯარიმდნენ.

როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს გასული წლის ანგარიშშია აღნიშნული, დაჯარიმების მიზეზი გახდა ის, რომ დეკლარაციაში არ არის მითითებული სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა, ასევე მეუღლის სახელფასო შემოსავალი.

ამასთან, როგორც 2019 წლის 31 დეკემბერს შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, კობიაშვილს მხოლოდ ერთ თანამდებობაზე მიღებული შემოსავალი აქვს მითითებული. კერძოდ, დეკლარაციის მიხედვით, ლევან კობიაშვილმა ერთ წელში პარლამენტის წევრობისთვის, ხელფასის სახით 44 388 ლარი მიიღო, თუმცა, უცნობია რა შემოსავალი ჰქონდა ფეხბურთის ფედერაციიდან.

გარდა ამისა, უცნობია ლევან კობიაშვილის მიერ შეძენილი უძრავი ქონების ღირებულება, რადგან ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს.

მის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ლევან კობიაშვილი ფლობს:

2014 წელს შეძენილ 550 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს და 750 კვ.მ მიწის ნაკვეთს გერმანიაში, კერძოდ, ბერლინში, რომლის 50% საკუთარი მეუღლის სახელზეა გაფორმებული.

ასევე, 2005 წელს შეძენილ 425 კვ.მ ფართობის სახლს და 790 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს გერმანიაში, დუსელდორფში, რომლის ასევე 50% საკუთარი მეუღლის სახელზეა.

დეკლარაციის მიხედვით, ლევან კობიაშვილის სახელზეა 2003 წელს შეძენილი 2 ავტოფარეხი და 5,281 კვ.მ ფართობის სახლი თბილისში.

მანამდე, 2000 წელს პარლამენტარმა სახლი და მიწის ნაკვეთი შეიძინა წყნეთშიც. 2004 წელს კი, 6500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი ბაკურიანში.

ამავე დეკლარაციის მიხედვით, ასევე ლევან კობიაშილის სახელზეა 2008 წელს შეძენილი ბინა თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე. მოგვინებით კი, 2013 წელს ამავე მისამართზე, ლევან კობიაშვილმა კიდევ ერთი ბინა შეიძინა.

გარდა ამისა, პარლამენტის წევრმა 2015 წელს შეიძინა ავტომობილი Mercedes benz, რაშიც 72 000 ევრო გადაიხადა.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, ლევან კობიაშვილი დეკლარაციის შევსების მომენტში ფლობდა: „ვი-თი-ბი ბანკის“ საკრედიტო ბარათზე - 10 100 ევროს, ხოლო მიმდინარეზე - 2661,99 ლარს. ნაღდი ფულადი თანხის სახით კი - 5000 ლარს და 9000 დოლარს.

თაია არდოტელი