ნათია თურნავა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" შეწყვეტილი ხელშეკრულების აღდგენას გამორიცხავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" შეწყვეტილი ხელშეკრულების აღდგენას გამორიცხავს.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ხელშეკრულება აღდგეს, რამდენადაც კონსორციუმი აცხადებს, რომ მთავრობას წინასაარბიტრაჟო პერიოდში შესაბამისი წინადადებით მიმართავს, მინისტრი აცხადებს, რომ ხელშეკრულების აღდგენას მთავრობა არ ფიქრობს და ამჟამად ხელახლა მზადდება ტენდერი.

„კონსორციუმის სუვერენული უფლებაა მიმართოს არბიტრაჟს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვირჩევნია უფრო მშვიდობიანად მოგვარდეს ეს საკითხი, რადგან კონსორციუმს წლების მანძილზე ჰქონდა შესაძლებლობა ვალდებულებები შეესრულებინა და არ გააკეთა. შესაბამისად, მთავრობას სხვა არაფერი დარჩა გარდა იმისა, რომ მოეშალა ხელშეკრულება. რა თქმა უნდა, თუ იდავებენ, ეს მათი უფლებაა. მაინც იმედი გვაქვს, რომ ეს დავა არ იქნება“, - აცხადებს მინისტრი.

მისივე თქმით, ანაკლიის პორტი იყო და რჩება პრიორიტეტად. როგორც თურნავა აცხადებს, ახალი ტენდერის მომზადებაში EBRD-ის და მსოფლიო ბანკის კონსულტანტების ჩართვა განიხილება.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 9 იანვარს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით 2016 წელს გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა. მხარეებს 60-დღიანი წინა საარბიტრაჟო ვადა აქვთ, რომელიც დავის თავიდან აცილების მიზნით მოლაპარაკებისთვის უნდა გამოიყენონ. ანაკლიის კონსორციუმი საარბიტრაჟო დავისთვის ემზადება, მთავრობა კი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ახალი ტენდერის გამოცხადებას აანონსებს.