„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

არასამთავრობო ორგანიზაცია კორუფციული გარიგების რისკებს ხედავს.

კერძოდ, როგორც კვლევაშია აღნიშნული, გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს „საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. კვლევის თანახმად, „სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე, 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

კვლევიდან ირკვევა, რომ კომპანია „სერპანტინმა“ მიღებული ტენდერების 42%-ში უკონკურენტოდ გაიმარჯვა.

„ამასთან, დაინტერესებას იწვევს ისეთი ტენდერები, რომლებიც შეწყდა და ხელახლა გამოცხადების შემდეგ გაიმარჯვა სწორედ „სერპანტინმა”. საფუძვლიან ეჭვს ბადებს შპს „სერპანტინის” მიერ ერთმანეთის მიყოლებით აღებული მრავალმილიონიანი ტენდერები, რომლებიც რამდენიმე დღის ინტერვალში უფორმდება კომპანიას.

საფუძვლიან კითხვებს ბადებს ტენდენციები, რომლებიც ხაზს უსვამს შპს „სერპანტინის” დომინანტურ პოზიციას სახელმწიფო შესყიდვებში და ნათლად წარმოაჩენს საეჭვო გარემოებებს, რომლებიც, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს კორუფციულ გარიგებებთან.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლოს შპს „საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინის” მიერ მიღებული თითოეული ტენდერი და დაადგინოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი კომპანიისთვის ხელსაყრელი პირობების ხელოვნურად შექმნას”,-აღნიშნულია კვლევაში.

ორგანიზაციის ცნობითვე, გიორგი ზედელაშვილი სამართალდამცავ სტრუქტურებში, მათ შორის მაღალ თანამდებობებზე, 1994 წლიდან მუშაობდა, ხოლო „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იგი შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ/სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტის) დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 2017 წლის ბოლომდე გიორგი ზედელაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ვრცლად “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევა იხილეთ ბმულზე.