ბერლინში 2022 წელს, ITB Berlin-ის მასპინძელ ქვეყნად საქართველოს დასახელება ტურიზმის დარგში ჩვენი სწორი პოლიტიკის აღიარებაა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. ნათია თურნავამ კერძო სექტორს მადლობა გადაუხადა დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. მინისტრმა ასევე ვრცლად ისაუბრა იმ რამდენიმე ფაქტორის შესახებ, რომელმაც საქართველოს ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად გამართულ საკმაოდ რთულ კონკურსში გამარჯვების შესაძლებლობა მისცა.
„პირველ რიგში ეს ის ინფრასტრუქტურაა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში შევქმენით და რამაც ტურისტებისთვის შესაძლებელი გახადა აქ კომფორტული დასვენება, ჩამოსვლა. ჩვენ საკმაოდ დიდ ინვესტიციებს ვდებთ ტურისტულ ინფრასტრუქტურაში, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ეს მაღალი წოდება დამატებით პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს, მათ შორის ხელისუფლებას“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მისი თქმით, მთავრობა კერძო სექტორთან ერთად აქტიურად იმუშავებს ტურისტული ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიმართულებით და მას კიდევ უფრო თანამედროვეს გახდის. ნათია თურნავას განცხადებით, კიდევ რამდენიმე ფაქტორი, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს კონკურსში გამარჯვებას, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის გარდა, ქვეყნის ლიბერალური, „ღია ცის პრინციპი“ და სწორი მარკეტინგული პოზიციონირებაა.
„რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი მდიდარი კულტურა, მდიდარი ტრადიციები, რაც საქართველოს უნიკალურს ხდის; ლიბერალური, ღია ცის პრინციპი და სულ უფრო მეტი პირდაპირი ფრენები, რასაც ჩვენ ვეხმარებით; ქვეყნის სწორი მარკეტინგული პოზიციონირება, რაზეც მუშაობს ჩვენი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; იმის აღიარება, რომ საქართველო გახდა ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მასპინძელი ქვეყანა“, - აღნიშნა მინისტრმა.