ბოლო დღეებში „ფეიბუკ“-თაღლითები ისევ გააქტიურდნენ. მათი ძირითადი ინტერესი გარკვეულ ანგარიშზე ფულის დაგროვებაა, შემდეგ კი სხვადასხვა ანგარიშებზე „გადათამაშებით“ კვალს აქრობენ. ამისთვის უკვე არსებული პიროვნების ყალბ გვერდს მისივე ფოტოებით ქმნიან, შემდეგ კი მის „ფეისბუკ“-მეგობრებს დახმარებას, კერძოდ, ფულის „სესხებას“ სთხოვენ. მართალია, თაღლითური სქემა უკვე გაშიფრულია, თუმცა ჯერ კიდევ არიან ადამიანები, ვინც მახეში ებმებიან. ამიტომ, როდესაც თქვენი სოციალური ქსელის მეგობარი ფინანსურ დახმარებას გთხოვთ, უმჯობესია გადაამოწმოთ, ნამდვილად მას ესაუბრებით, თუ თაღლითს.
„ფეისბუკ“-მეგობარმა ახალი პროფილით დამამატა. თავიდან ეჭვი არ შემიტანია, ის იყო თუ არა, რადგან მისი ფოტოები ჰქონდა ატვირთული და საერთო მეგობრებსაც მიჩვენებდა. ვიფიქრე, ახალი გვერდი შექმნა. ამას ბევრი აკეთებს. შემდეგ მომწერა, ჩემი ოჯახის წევრებიც კი მოიკითხა, საუბრის დასასრულს კი მთხოვა, რომ 120 ლარი რამდენიმე დღით მესესხებინა. ამის მიზეზად რაღაც პრობლემებს ასახელებდა. ამბობდა, რომ კონკრეტულ ანგარიშს მომწერდა, სადაც თანხა უნდა ჩამერიცხა. თუმცა, საქმე აქამდე არ მისულა, დავეჭვდი და კითხვების დასმა ჩვენს ნაცნობობაზე დავუწყე. საიდან გავიცანით ერთმანეთი და ა.შ. რის შემდეგაც დამბლოკა. როგორც აღმოჩნდა, თითქმის ყველა მისი მეგობრისთვის ჰქონდა მიწერილი. იმედია, არავინ გაება“,- იხსენებს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი გიორგი აფციაური.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ერთ-ერთი დაზარალებული ყვება, თაღლითმა მის თითქმის ყველა მეგობარს სთხოვა თანხის ჩარიცხვა.
„მეგობარმა მომწერა, რომ ჩემი სახლით შექმნილი იყო ყალბი გვერდი. ჩემი ოჯახის წევრების ფოტოებიც კი აუტვირთავს და ჩემი ყველა მეგობარი დაუმატებია. როგორც ჩანს, მანამდე კარგად შეუსწავლია ჩემი „ფეისბუკი“, რადგან ისიც კი იცოდა, რომ საქართველოში არ ვცხოვრობ. ჩემს მეგობრებს წერდა, რომ ვითომ ჩემს ნათესავს საქართველოში სჭირდებოდა დახმარება და მე უცხოეთიდან ვერ ვახერხებდი. მეგობრებს სწერდა, რომ კონკრეტულ ანგარიშზე გადაერიცხათ თანხა, რომელსაც რამდენიმე დღეში დაუბრუნებდა. საბედნიეროდ, მალევე შევიტყვე ამის შესახებ და ყველა მეგობარი გავაფრთხილე“,- ამბობს დაზარალებული.
ინტერნეტთაღლითობის კიდევ ერთი მსხვერპლი იხსენებს, რომ თანხის თხოვნამდე, თაღლითი მისი სახელით სხვადასხვა სოციალურ აქტივობასაც კი ეწეოდა.
„თავიდან მხოლოდ ის შევიტყვე, რომ ჩემი სახელით სხვადასხვა ჯგუფებში აქტიურობდა. პოსტავდა, ჩემს მეგობრებს იმატებდა. ალბათ, აქტივობას აგროვებდა, რომ უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო მისი შემდგომი ქმედება. მერე უკვე თანხის თხოვნაზე გადავიდა. ჩემს მეგობრებს წერდა, რომ რაღაც პრობლემა შეექმნა და სულ რამდენიმე დღით სჭირდებოდა 100 ლარი. საბედნიეროდ, ვისაც მიწერა, ყველა კარგად მიცნობს, დაეჭვდნენ და დამირეკეს. ეს გვერდი დღემდე არსებობს, თუმცა ყველა გავაფრთხილე, რომ მე არ ვარ და იმედია ვეღარაფერს მოიმოქმედებს“,- ამბობს დაზარალებული.