ჩინეთის მთავრობა აპირებს, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საეჭვო ფულის კუპიურები გაანადგუროს ან დეზინფექცია ჩაუტაროს

ჩინეთის მთავრობამ კორონავირუსთან საბრძოლველად ახალი სტრატეგია შეიმუშავა - ქვეყნის ცენტრალური ბანკის ინიციატივით, პრევენციის მიზნით, საეჭვო ფულის კუპიურებს გაანადგურებენ ან დეზინფექციას ჩაუტარებენ.

ჩინეთის სახალხო ბანკის მიერ დაანონსებული ეს ღონისძიება ეპიდემიის შეჩერებას ისახავს მიზნად. ჩინეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ჩინურმა ბანკმა არსებული კუპიურების დეზინფექცია სპეციალური ულტრაწითელი გამოსხივებით უნდა მოახდინოს, შემდეგ კი 14 დღის განმავლობაში დაასაწყობოს, ვიდრე მიმოქცევაში ჩაუშვებს. რაც შეეხება საავადმყოფოებსა და მაღაზიებში მიმოქცევაში არსებულ ფულს, მას ცენტრალურ ბანკში გაგზავნიან.

მაღალი რისკის მქონე კუპიურები შესაძლოა გაწმენდის ნაცვლად განადგურდეს. ახალი ვირუსის შესახებ ბევრი ინფორმაცია ცნობილი არ არის, თუმცა როგორც ჩანს, ის ორგანიზმის გარეთ რამდენიმე საათი ცოცხლობს, ამიტომაც ჩინეთში ვირუსის გავრცელების ადგილებში სისტემატურად ხდება ლიფტების ღილაკების, კარის სახელურების და სხვა ხშირი შეხების წერტილების წმენდა.