თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ნაცვლად, რესტორან „ბუდაპეშტის“ აღდგენა მერიისთვის მიუღებელია. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა, მერია მზად არის ინვესტორს ადგილმონაცვლეობა კვლავ შესთავაზოს.
„ჩვენი პოზიცია იცით და გაჟღერებულიც არის, რომ ვაკის პარკში მიუღებელია ასეთი შენობა-ნაგებობების განთავსება. საუბარი იყო 9-სართულიან კორპუსზე, რაზეც ჩვენ ვუთხარით არა კონკრეტულ პიროვნებას. ბრიფინგებით საუბარი რაღაც სიახლეა, მე მგონი. მას ჩვენთან კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს. ჩვენ მზადყოფნას გამოვხატავთ ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით, თუ მას რეალურად ამის სურვილი აქვს.
იცით, რომ დაგეგმილი გვაქვს ვაკის პარკის რეაბილიტაცია, განახლება თავისი კასკადით. როდესაც უკვე გვექნება პროექტი და გადავალთ სამშენებლო სამუშაოებზე, მაშინ უკვე შესაძლებელი იქნება დავჯდეთ და ვისაუბროთ. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვაკის პარკში ასეთი მშენებლობების განხორციელება მიუღებელია. ნებართვა უნდა გასცეს დედაქალაქის მერიამ, შესაბამისად, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, იქ რამე უნდა აშენდეს თუ არა”, - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, ინვესტორი მერიას ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ნაცვლად რესტორნის აღდგენას სთავაზობს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ წარმომადგენელმა, გოგა ზაქაიძემ განაცხადა, ისინი მზად არიან, უარი თქვან სასტუმროს მშენებლობაზე, სანაცვლოდ კი ვალდებულებას იღებენ, აღადგინონ 1958 წელს აშენებული რესტორანი „ბუდაპეშტი“ ისტორიულად არსებული მოცულობისა და ფასადის შესაბამისად.