საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოქალაქის კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან იუწყებიან, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაუკავშირდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირს და მოტყუებით დაარწმუნა იგი, რომ შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, თითქოსდა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლების მეშვეობით, დაეხმარებოდა მას ზუგდიდში, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემაში.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული თაღლითური განზრახვით, ბრალდებულმა, მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 10 000 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.
„გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.