ჯეფ ბეზოსი კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად 10 მლრდ დოლარს დახარჯავს

„ამაზონის“ გენერალური დირექტორი და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსი კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად 10 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავს. აღნიშნული განცხადება მან სოციალურ ქსელ „ინსტაგრამის“ მეშვეობით გაავრცელა.

ბეზოსის თქმით, შემოწირულობა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ სამეცნიერო კვლევებსა და გარემოსდაცვით ღონისძიებებს მოხმარდება.

ამ პროექტების დაფინანსება კი, თანხის გამოყოფისთანავე, ზაფხულიდან დაიწყება.

„კლიმატის ცვლილება ჩვენი პლანეტის ყველაზე დიდი საფრთხეა. მსურს მის შესაჩერებლად საკუთარი წვლილი შევიტანო და ერთად მოვძებნოთ გზა, რომელიც პლანეტის გადარჩენაში დაგვეხმარება. ჩვენ დავაფინანსებთ მეცნიერებს, აქტივისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ბუნებრივი სამყაროს დაცვას ცდილობენ. ჩვენ ერთად შევძლებთ პლანეტის გადარჩენას“,-დაწერა ბეზოსმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ჯეფ ბეზოსოს ქონება Forbes-ის მიხედვით 131 მილიარდს შეადგენს, კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად გამოყოფილი დაფინანსება კი, მისი ქონების 8%-ია.

ბექა ბერიაშვილი