რატომ ვერ აკონტროლებს სახელმწიფო ქსელური მარკეტინგის ქვეშ ამოფარებულ კომპანიებს

„ერთიანობაში ამოხსნილი არ არის თაღლითობის შინაარსი“, - ამის შესახებ ბიზნესსამართლის სპეციალისტმა აკაკი ჩარგეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“, საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებულებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ იმიტომ, რომ თავის დროზე სისტემამ დანაშაულისთვის პასუხი არ აგო, ქსელური მარკეტინგის ქვეშ ამოფარებული სხვა კომპანიები საქმიანობას დღესაც განაგრძობენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მოქალაქეთა კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვის ბრალდებით, შპს „საფინანსო კომპანია საქართველოს“ დირექტორი და ამავე კომპანიის მმართველი 2016 წელს დააკავა. თუმცა, კომპანიის მეანაბრეები ზარალის ანაზღაურებას ამ დრომდე ითხოვენ.

„იმისთვის, რომ ჩვენ როგორც ქვეყანას ხარვეზები გაგვეთვალისწინებინა და წინ წავსულიყავით, სისტემას უნდა ეგო პასუხი. ჩვენ შედარებით მძიმედ და სწრაფად გავიგეთ კომპანია „საქართველოსთან“ დაკავშირებული ურთიერთობები, თორემ ამის მიღმა იყვნენ სხვა კომპანიებიც, ვინც ამ ჭრილში უბრალოდ აღარ გამოჩნდნენ. იმიტომ, რომ იყო დაზარალებული ადამიანების დიდი რაოდენობა, რომლებიც შესამჩნევი იყვნენ ყველასთვის, მათ შორის, ჟურნალისტებისთვის და ა.შ. სინამდვილეში, ამის მიღმა ლიცენზირებული (მიკროსაფინანსოებთან გათანაბრებული) სხვა კომპანიებიც იყვნენ, რომელთაგან ბევრი გაკოტრდა.

ქსელური მარკეტინგის ქვეშ ამოფარებული კომპანიებიც იმ სისტემური ხარვეზის ნაწილია. როდესაც ამ ბატონის დაკავება მოხდა, 2016 წელს, მას სასჯელად შეეფარდა მითვისების მუხლი. ამ შემთხვევაშიც დაისვა კითხვა, საგამოძიებო ორგანოების მიმართ, რამდენად სწორად იყო კვალიფიკაცია მიცემული, დაზარალებულებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, რადგან ამით ერთგვარად უნდა აღმოხვრილიყო ქონებასთან დაკავშირებული მილიონიანიანი ქონებების ბედიც. ეს ქონება წლების განმავლობაში ნადგურდება და იძარცვება, თავისებურ ამორტიზაციას განიცდის. შესაბამისად, მცირდება მისი ღირებულებაც და მიუწვდომელია მეანაბრეებისთვის.

გარდა ამისა, არის ტერმინი, რომელიც ამ ურთიერთობებში ყველაზე მეტად გვაშინებს და ჯერჯერობით ზუსტი კვალიფიკაცია არ გვაქვს ჩამოყალიბებული თუნდაც პირამიდასთან დაკავშირებით, ეს არის თაღლითობა. ანუ, თაღლითობის შემთხვევა ნიშნავს, რომ კონკრეტულ სუბიექტს, ვინც შენთან ითაღლითა, უკვე შიგიძლია მოსთხოვო ანაზღაურება. „საქართველოს“ შემთხვევაში არის კომპანია, რომელმაც მიიღო ანაბრები, დეპოზიტები, მას ჰყავს დირექტორი და გარდა ამისა, არიან დამფუძნებლები და მათთან დაახლოებული პირები. სწორედ ერთ-ერთი ასეთია ის ბატონი, ვინც ახლა პატიმრობაშია.

შესაბამისად, ასეთი იურიდიული და გარკვეული პროფესიული ნიუანსებიდან გამომდინარე ვერ ხდება საქმის ბოლომდე მიყვანა. ანუ, ერთიანობაში ამოხსნილი არ არის თაღლითობის შინაარსი“,- განაცხადა აკაკი ჩარგეიშვილმა.

ნინი ქეთელაური