გრენლანდია დნობადი მყინვარის წყლის გაყიდვას გეგმავს

გრენლანდია გეგმავს იმ წყლის ექსპორტის დაწყებას, რომელსაც დნობადი მყინვარებიდან მიიღებს და რომლებიც შესაძლოა, დედამიწის მშრალ რეგიონებს გამოადგეს. ამის შესახებ გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-თან ინტერვიუში გრენლანდიის ენერგეტიკის და ინდუსტრიის მინისტრმა იეს სვანემ განაცხადა.

„ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, თუ რამდენად არის ის სუფთა, როგორია მისი მარაგები და რამდენი წელი შეგვიძლია მისი ეკონომიკური თვალსაზრისით გამოყენება. ახლა ჩვენ შეგვიძლია ვუთხრათ მთელს მსოფლიოს, ჩვენ გვაქვს დიდი მოცულობა სუფთა წყლის და ჩვენი წინადადებაა გამოვიყენოთ ეს რესურსი. გლობალური დათბობა მსოფლიოში წყლის დეფიციტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია. ათასწლეულის განმავლობაში კი გრენლანდიაში გვაქვს დნობადი წყლები. ახლა მივხვდით, რომ შეგვიძილია ბაზარზე გასვლა იმ პროდუქტით, რომელიც სხვაგან არსად არაა“ - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, ეკონომიკის დივერსიფიცირება, მაგალითად, წყლით ვაჭრობის მიმართულებითაც კი გრენლანდიას მისცემს საშუალებას, იყოს უფრო დამოუკიდებელი დანიისგან. ამავე მიზნით კუნძულოვანი ავტონომიის ხელისუფალნი აპირებენ ტურიზმის აქტიურად განვითარებას.

ცნობისათვის, გრენლანდია დანიის შემადგენლობაშია და 2009 წლიდან სარგებლობს ფართო ავტონომიით. თუმცა მიუხედავად ამისა, ქვეყნის შიდა პოლიტიკა და უსაფრთხოების ნაწილი კოპენჰაგენის პრეროგატივაში რჩება.

კოკა კვირკველია