"კონკურენციის სააგენტო სახელმწიფო დახმარების პროგრამის ფარგლებში კონკრეტული ინდუსტრიის მხარდაჭერის მიმართულებას ვერ შეისწავლის"

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, კონკურენციის სააგენტო სახელმწიფო დახმარების პროგრამის ფარგლებში კონკრეტული ინდუსტრიის მხარდაჭერის მიმართულებას ვერ შეისწავლის.

ამ განცხადებით ლექვინაძე "ლელოს" მიმართვას გამოეხმაურა, სადაც ისინი სააგენტოსგან ავიაციის ბაზრის შესწავლას ითხოვენ.

"ჩვენ მიღებული გვაქვს განაცხადი „ლელოს“ წევრისგან, ვმუშაობთ და დაინტერესებული მხარე ამ საკითხზე პასუხს მიიღებს. თუ საკითხი შეეხება სახელმწიფოს დახმარების პროგრამას, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით არის მიღებული და ის გამყარებულია კონკრეტული ინდუსტრიის მხარდაჭერის მიმართულებით, ასეთ შემთხვევაში კანონი „კონკურენციის შესახებ“ არ მოიცავს ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების შესწავლის კომპეტენციას. ამიტომ ჩვენ ახლა ვაზუსტებთ აღნიშნული გადაწყვეტილება არის თუ არა გამყარებული მსგავსი ტიპის სამართლებრივი დოკუმენტაციით და ბუნებრივია, ამის გარკვევის შემდეგ, ყველა დაინტერესებული მხარე მიიღებს შესაბამის პასუხს დადგენილ ვადებში”, - განაცხადა ლექვინაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე: რა ვადაში შესწავლიან საკითხს? - ლექვინაძე ამბობს, რომ საქმის წარმოებისთვის "გონივრული ვადები" არსებობს.

"არ არის კონკრეტულად განსაზღვრული ვადები, არის საქმის წარმოებისათვის განსაზღვრული გონივრული პერიოდი, რა ვადაშიც მათ ეცნობებათ“, - განაცხადა ლექვინაძემ.