როგორც იცით, პარლამენტში ინიცირებულია ანტიდემპინგური კანონპროექტი და თუ ეს კანონპროექტი იქნება მიღებული, ჩვენ გარკვეული მოქმედებების საშუალება გვექნება, - ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბაზარზე ირანული სამშენებლო პროდუქტი დემპინგურ ფასად იყიდება.
ლექვინაძე განმარტავს, რომ ამ ეტაპზე კონკურენციის სააგენტოს ამ მიმართულებით რაიმე მოქმედებების განხორციელების ბერკეტი არ გააჩნია.
"ოფიციალურად საკითხი კონკურენციის სააგენტოში, რაიმე საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით ამ მიმართულებით, ჯერჯერობით შემოსული არ არის. მესმის, რომ გარკვეული ბიზნესჯგუფების მხრიდან პერიოდულად აქტიურდება საქართველოს ბაზარზე დემპინგის საკითხი, თუმცა, აქვე მინდა განვმარტო, რომ საქართველოს კანონი „კონკურენციის შესახებ“ და დღევანდელი კომპეტენციები, რომელიც გააჩნია კონკურენციის სააგენტოს, არ მოიცავს დემპინგის საკითხის კვლევას. ამიტომ მოგვმართავს ვინმე თუ არა, ასეთი საკითხის განხორციელებაში კონკურენციის სააგენტო არის შეზღუდული. როგორც იცით, პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის აღსრულების ნაწილი ექნება კონკურენციის სააგენტოს და მომავალში თუ ეს კანონპროექტი იქნება მიღებული, ჩვენ გარკვეული მოქმედებების საშუალება გვექნება”, - განაცხადა ლექვინაძემ.