საქართველოს ეროვნული ბანკი გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების პრინციპებს აქვეყნებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსებს ჩარჩოს განვითარების ფარგლებში მდგრადი დაფინანსების გზამკვლევში წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის განხორციელებას განაგრძობს. ამ მიზნით ეროვნულმა ბანკმა ფინანსური ინსტიტუტებისთვის ESG საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების პრინციპები და შესაბამისი შაბლონი შეიმუშავა.
სებ-ის ინფორმაციით, ESG საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების პრინციპები და შესაბამისი შაბლონი მდგრადი განვითარების საკითხებზე ინფორმაციის გამჟღავნების სხვადასხვა საერთაშორისო სტანდარტს ეფუძნება, როგორებიცაა ევროკავშირის გზამკვლევი არაფინანსური ანგარიშგებისთვის (EU Guidelines for Non-financial Reporting); მდგრადობის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბჭო (Sustainability Accounting Standards Board, SASB), კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნების სპეციალური ჯგუფი (Task Force on Climate-related Financial Disclosures, TCFD), გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პასუხისმგებლიანი ინვესტიციის პრინციპების (UN Principles for Responsible Investment, PRI) ანგარიშგების ჩარჩო, საერთაშორისო ანგარიშგების ინიციატივა (Global Reporting Initiative, GRI) და სხვა. პრინციპები ძირითადად კომერციული ბანკებისთვისაა განკუთვნილი. თუმცა, მათი გამოყენება სხვა ფინანსური ინსტიტუტებისთვისაცაა რეკომენდირებული. კორპორაციული მართვის კოდექსი კომერციული ბანკებისთვის ESG ანგარიშგებასა და ინფორმაციის გამჟღავნებაზე მოთხოვნებს აწესებს.
„ESG პრინციპების მიზანია კომერციულ ბანკებს ამ მოთხოვნის შესრულებაში დაეხმაროს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით ანგარიშგების ძირითადი პრინციპები მიაწოდოს. თანდართული შაბლონი კი უზრუნველყოფს, რომ ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამჟღავნებული ESG ინფორმაცია იყოს თანმიმდევრული, თავსებადი და შედარებადი.
ფინანსური ინსტიტუტების მიერ შევსებული შაბლონები ყოველწიურად ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნდება, რაც ინვესტორებისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის ESG საკითხებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს. ამასთან, წარმოდგენილი ინფორმაცია გამოყენებული იქნება ფინანსური ინსტიტუტების მიერ მდგრადი დაფინანსების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების მონიტორინგისა და შეფასებისთვის და შესაბამისად, იგი მდგრადი დაფინანსების პროგრესის საზომ ერთ-ერთ ინსტრუმენტს წარმოადგენს“,-აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.