1 კგ თხილის ფასი 10 ლარამდე გაძვირდა

ზამთარში თხილის ფასი, შესაძლოა, 15-დან 20 ლარამდე ავიდეს.

სამეგრელოში თხილის ფასმა საგრძნობლად მოიმატა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, რამდენიმე დღის წინ 1 კგ 7,70 ლარი ღირდა, დღეს კი მისი ფასი უკვე 10 ლარია. მაღალი ფასის მიუხედავად, როგორც ადგილობრივები ამბობენ, შესყიდვის მსურველთა შორის როგორც ადგილობრივი ბიზნესმენები,  ისე თურქები არიან.

როგორც Bpn.ge-სთან საუბრისას სოფელ ხიბულას მცხოვრები მერაბ ნადარაია ამბობს, ამ პერიოდში, თხილის ფასი ასეთი მაღალი ჯერ არ ყოფილა. "გაოცებულები ვართ. ზამთარში მისი ფასი შესაძლოა, 15-20 ლარამდე ავიდეს".

მერაბ ნადარაიას თქმით, ”წელს მოსავალი შარშანდელის ნახევარიც არ არის - გვალვამ გააფუჭა. შესაბამისად ხარისხიც არ უვარგა, თუმცა მყიდველი მაინც ბევრია”. მაღალ ფასს ნადარაია ყინვას უკავშირებს, რომელმაც თურქეთში თხილის მოსავალი მთლიანად გაფუჭა.

ლალი პაპასკირი