ამერიკული კომპანია Apple ახალი კორონავირუსის გამო არ ფიქრობს, რომ დაგეგმილ კვარტალურ მოგებას მიაღწევს, რომელიც 2020 წლის მარტში დასრულდება. ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.
„ჩვენი კვარტალური პროგნოზი, რომელიც 2020 წლის 28 იანვარს გამოქვეყნდა, ასახავდა იმ ინფორმაციას, რომელიც იმ დროისთვის გაგვაჩნდა. ჩვენ ვანახლებთ ჩინეთში მუშაობას, თუმცა ეს დაბრუნება ნორმალური ტემპებისადმი იმაზე ნელა ხდება, ვიდრე გვეგონა. შედეგად კი ორი ფაქტორის გათვალისწინებით არ გვაქვს მოლოდინი, შევასრულოთ ის კვარტალური გეგმა, რომელიც აქამდე გვქონდა დაგეგმილი“, - აცხადებენ კომპანიაში.
პირველ ასეთ ფაქტორად დასახელდა სმარტფონების მიწოდების შეზღუდვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მეორე ფაქტორი კი ჩინეთში Apple-ის პროდუქციაზე მოთხოვნის კლებაა.
აღსანიშნავია, რომ 2020 ფინანსური წლის პირველ კვარტალში, რომელიც 2019 წლის 28 დეკემებრს დასრულდა კომპანია პროგნოზირებდა, რომ მისი შემოსავლები 2020 ფინანსური წლის მეორე კვარტალში შეადგენდა 63-67 მილიარდ დოლარს, ხოლო ოპერაციული ხარჯები 9,6-9,7 მილიარდი დოლარის ფარგლებში იქნებოდა.