როგორი იქნება და რომელი კომპანია აშენებს ვარკეთილში მულტიფუნქციურ სპორტულ ცენტრს (+ფოტო)

ვარკეთილში პირველი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა დაიწყო. თბილისის მერის განცხადებით, ცენტრის მშენებლობა დაახლოებით, 12 მილიონი ჯდება, სამშენებლო სამუშაოების დასრულება კი 2021 წლის ზაფხულში იგეგმება. მულტიფუნქციური ცენტრის სამშენებლო სივრცე 15 000 კვ. მ ფართობს მოიცავს და პროექტის დასრულების შემდეგ, ის თვის განმავლობაში 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება.

„მულტიფუნქციურ ცენტრში განთავსდება: სპორტული დარბაზი ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთისთვის; ტანვარჯიშის დარბაზი; სპორტული ორთაბრძოლების დარბაზი, სადაც განვითარდება ძიუდოს, ჭიდაობის და კარატეს სექციები, ასევე, მოეწყობა კრივის რინგი; ტრენაჟორების სივრცე ფიტნეს-დარბაზთან ერთად; ორი საცურაო აუზი; კაფე; სპორტული ინვენტარის მაღაზია; მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა; საკონფერენციო დარბაზი; სახელოვნებო სკოლა; ბოულინგისა და სამაგიდო თამაშების სივრცე; მიწისქვეშა პარკინგი.

მულტიფუნქციური კომპლექსების მშენებლობის პროგრამა მიზნად ისახავს სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვას. ღონისძიებას სამგორის რაიონის გამგებელი, დედაქალაქის მთავრობისა და თბილისის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ,“ - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვარკეთილში მულტიფუნქციურ კომპლექსს შპს „ალიანსი“ ააშენებს. კომპანია 2010 წელს არის რეგისტრირებული. მისი 100%-იანი წილის მფლობელი არის თეიმურაზ კანკავა. „ტენდერების მონიტორინგის“ მიხედვით, კომპანიამ 105 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 33%-ში გამარჯვებულად გამოცხადდა, 57% კი წააგო. მოგებული კონტრაქტების საერთო სავარაუდო ღირებულება შეადგენს - 72,610,908 ლარს, საბაზრო ღირებულება კი 58,007,538 ლარს.

აღსანიშნავია, რომ „ალიანსი“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელის განკარგულებით, 2019 წლის 25 დეკემბერს „თეთრ სიაში“ შევიდა.