გავლენიანი გამოცემა Forbes საქართველოს დედაქალაქის „ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებების“ (EBD) კონკურსში მესამე ადგილის დაკავებას ეხმაურება.
მათივე ინფორმაციით, ევროპის 20 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის საქართველოს დედაქალაქთან ერთად პარიზი, ვენა, მადრიდი, რომი, ათენი, როტერდამი და სხვა ტურისტულად პოპულარული ქალაქები დასახელდა.
საერთაშორისო კონკურსს პორტალი European Best Destinations 2009 წლიდან ატარებს, გამოკითხვაში 600 ათასზე მეტი ადამიანი იღებს მონაწილეობას. პორტალი 300-ზე მეტ ევროპულ ტურისტულ კომპანიასთან თანამშრომლობს.
„საქართველოს დედაქალაქი კულტურის, გასტრონომიის, მრავალფეროვნებისა და არქიტექტურის მოყვარულთათვის იდეალური მიმართულებაა. თბილისი ნეო-კლასიკური, საბჭოთა და ულტა-თანამედროვე შენობებით გამოირჩევა. თუ „ქართლის დედის“ ქანდაკებასთან ახვალთ, განსაკუთრებული პანორამა გადაგეშლებათ, აქედან თქვენ დაინახავთ მშვიდობის ხიდს, მეტეხის ეკლესიას, აბანოებს და ახალ თეატრს“, -წერს Forbes EBD-ზე დაყრდნობით.
„ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია საქართველოს ცნობადობის ზრდის გაგრძელება იმ ქვეყნებში, რომლებიც საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. Forbes ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემაა მთელ მსოფლიოში, რომელსაც აშშ-ში 74 მილიონი მკითხველი ჰყავს, ხოლო დანარჩენ მსოფლიოში 50 მილიონზე მეტი. ეს არის საქარველოს დიდი წარმატება. ეს ნიშნავს, რომ სტრატეგიული ბაზრებიდან კიდევ უფრო მეტი მოგზაური ჩამოვა დედაქალაქში, ისე როგორც სხვა რეგიონებში, რაც შესაბამისად აისახება საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც გენერირებას მოახდენს უშუალოდ ტურიზმის ინდუსტრიიდან“, - აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
აღნიშნულ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.